საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს ორგანული კანონის პროექტი შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონის პროექტის მიხედვით ხდება ჩანაწერის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას.
მომხსენებელმა მიხეილ დაუშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ შრომითი დისკრიმინაციის ცნებას კოდექსში რამდენიმე განსხვავებული მუხლი არეგულირებს, რაც დაუშვილის შეფასებით, ტექნიკური ხარვეზია.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი გადავჭრათ, რომ პრაქტიკაში დამსაქმებელს და დასაქმებულს არ შეექმნას განსხვავებული ინტერპრეტაციის რისკი და არ გაჩნდეს კანონის განსხვავებულად განმარტების რისკები“, – თქვა მან.
კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები გაუჩნდათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ტექნიკურ უზუსტობასთან დაკავშირებით მომხსენებელის ახსნა-განმარტება მისთვის გაუგებარი იყო.
„ორ შემთხვევაში ორი სხვადასხვა ნორმა შრომითი ურთიერთოების სხვადასხვა ეტაპზე კრძალავს დისკრიმინაციას. რატომ გახდა ეს პრობლემური, ვისთვის გახდა პრობლემური და კონკრეტულად რაში გამოიხატება პრობლემა? თუ ეს ახსნა კონკრეტულად ვერ გავიგეთ, არ მგონია რომ მხარდასაჭერი ინიციატივაა. ერთი გახლავთ წინასახელშეკრულებო პერიოდში აკრძალული დისკრიმინაცია, მეორე – სახელშეკრულებო პერიოდში აკრძალული დისკრიმინაცია. ერთი ზოგადია, მეორე – კონკრეტული, მე ვერ ვხედავ ამ ინიციატივის საჭიროებას. თუ არსებობს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, ალბათ, ფიქრი ღირს, როგორ დაიხვეწოს თორემ გაუქმება ეს შეილება იყოს იმის განმაპირობებელი, რომ შეილება ვიღაცამ ეს აღიქვას, როგორც დაშვება დისკრიმინაციისა და ეს კატეგორიულად მიუღებელი იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა კულტურის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმაც.
„ამის მხარდაჭერა ძალიან ძნელი იქნებოდა ჩემთვის, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შრომით ურთიერთობებში. 2013 წლიდან ჩვენ უდიდესი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ დისკრიმინაციის, მათ შორის, მრავალმხრივი, პირდაპირი, არაპირდაპირი აკრძალვის ელემენტები მრავლად გაგვეჩინა კანონმდებლობაში და შრომის კოდექსში.
ამ ნორმის ამოღება, რომელიც ამბობს, რომ კონკურსის გამოცხადებისას და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მაგალითად რომ არ გაბედოს რომელიმე კერძო კომპანიამ და არ იფიქროს, რომ შეიძლება „ფეხმძიმე ქალი სასურველი შრომითი რესურსი არ არის, იმიტომ, რომ 9 თვეში ბავშვს გააჩენს და სად ვსდიოთ ახლა იმას დეკრეტული შვებულების დროს“, – ეს ყოველდღიური ნაწილია შრომით ურთიერთობებში და ამ ნორმის ამოშლას არ აკომპენსირებს სხვა მუხლი“, – განაცხადა წულუკიანმა.
დეპუტატების საპასუხოდ მომხსენებელმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილსა და მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილში ჩამოყალიბებულია შრომითი დისკრიმინაციის ცნება და ის, თუ რა ითვლება დისკრიმინაციად. დაუშვილის თქმით, მე-4 მუხლი უფრო ვრცლად აყალიბებს შრომითი დისკრიმინაციის პირობებს. ის არ დაეთანხმა წულუკიანის რეპლიკას უკან გადადგმული ნაბიჯის შესახებ, რადგან, მისი პოზიციით, მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი ამომწურავად განმარტავს, რა ითვლება შრომით დისკრიმინაციად.
„დიახ, ეს ორი მუხლი ერთსა და იმავე საკითხს აყალიბებს და მიზანშეწონილია, მხოლოდ ერთი მუხლით ჩამოყალიბდეს, თუ რა არის შრომითი დისკრიმინაცია“, – განაცხადა დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილის განმარტება მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატებისთვის.
თეა წულუკიანის თქმით, მე-4 მუხლში ნახსენები არ არის კონკურსი, ვაკანსიის გამოცხადების და წინასახელშეკრულებო პირობები.
წულუკიანის თქმით, მე-2 მუხლი, რომლის ამოღებაც შემოთავაზებულია, დამატებითი ბერკეტია დასაქმებულის ხელში, თავისი უფლებების სასამართლოში დასაცავად.
„თქვენ ბიზნესომბუდსმენი ხართ ამ ტრიბუნასთან დღეს თუ დეპუტატი? არ მინდოდა ამ დისკუსიაში შესვლა, მაგრამ არ მომყვებით კონსტრუქციულ დიალოგში…ამ ნორმის ამოშლა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი შრომით უერთიერთობებში და კერძო სექტორში, თორემ არც ერთი სამინისტრო, არც ეს პარლამენტი და არც ერთი საჯარო დაწესებულება არ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს ხოლმე კერძო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვის დედასთან მიმართებით, ჰომოსექსუალ ადამიანთან მიმართებით, ფეხმძიმე ქალთან მიმართებით, შშმ პირთან მიმართებით… ამ ორი ნორმით – ერთი ზოგადია და მეორე უფრო კონკრეტული – ამით დასაქმებულ პირს აქვს უფრო მეტი დაცულობა და თქვენ გნებავთ, უძახეთ ტექნიკური. ბიზნესს ნამდვილად გაუხარდება, ამას თუ წავშლით“, – განაცხადა წულუკიანმა.
წინასახელშეკრულებო პერიოდში დისკრიმინაციის შესახებ ისაუბრა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა – არაადაპტირებული ფორმატით კონკურსის გამოცხადება, კონკურსის ლოკაცია არაადაპტირებული შშმ პირებისთვის.
„ჩვენთვის ნებისმიერი ამის შემზღუდავი ჩანაწერი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულად აუცილებელი. სიმართლე გითხრათ, მართლა დავინახე შიში იმის, რომ ამ კონკრეტული მითითებების აღმოფხვრის შემდეგ დამსაქმებელმა, შეიძლება, იკადროს დისკრიმინაციის მომენტები, მას ვალდებულებისგან თავის არიდების შესაძლებლობა მიეცეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
დეპუტატმა გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ პრობლემა არ არის,, თუ კოდექსში ორი ნორმა არეგულირებს ერთსა და იმავე საკითხს. მისი თქმით, პრობლემა ის იქნებოდა, ორი ნორმა განსხვავებულად რომ არეგულირებდეს ერთსა და იმავე საკითხს (კოლიზია).
„თუ ტექნიკური საკითხია, ხომ შეიძლებოდა, ამ საკითხზე მეტი კონსულტაციები ყოფილიყო, ეს კითხვებიც არ გაჩნდებოდა და ამ საკითხს ბევრად მარტივად მივიღებდით. სწორი იქნება, რაღაცაზე შევჯერდეთ, კონსულტაციების რეჟიმში გადავიტანოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახიანმა.
მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საკითხს უფრო ფართო მსჯელობა სჭირდება და მისი აზრით, ინიციატივის დაჩქარებულად განხილვა არ ღირს.
მამუკა მდინარაძემ გამოთქვა ინიციატივა, გაკეთდეს დათქმა და მეორე მოსმენამდე ადამიანის უფლებების კომიტეტის და უფლებრივი ჯგუფების მონაწილეობით განხილულ იყოს კანონპროექტი.
დეპუტატების საპასუხოდ, დაუშვილმა განაცხადა, რომ თუ აქცენტი კეთდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობაზე, კოდექსის მე-5 მუხლის (ა) ქვეპუნქტში საუბარია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვაზე – ვაკანსიის და კონკურსის განცხადების გამოქვეყნებისას, შერჩევის ეტაპზე, დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში, შერჩევის კრიტერიუმებზე, დასაქმების პირობებზე…
„ამ ჩანაწერის არსებობის პირობებში, სიმართლე გითხრათ, მართლა მიკვირს, რატომ ფიქრობთ, ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში ან შშმ პირი არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომ მათ უფლებრივ მდგომარეობას რამე ზიანი მიადგება. მე დარწუმენბული ვარ იმაში, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ გასწორდება ტექნიკური ხარვეზი, მეტი არაფერი“, – განაცხადა დაუშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ნორმის ამოღება, კანონპროექტის I საკითხი (მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი) მოიხსნა დღის წესრიგიდან და იმ დათქმით, რომ დისკრიმინაციის პრევენციის რეგულაციები ორ სხვადასხვა პუნქტში დარჩება ისე, როგორც მოქმედ შრომის კოდექსში არის, კანონპროექტი კენჭისყრაზე გავიდა და პირველი მოსმენით მიიღეს.