„ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნის მერე, ოპოზიცია „ტექნიკურ პარლამენტზე” გადაერთო - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილობასთან სახიფათო თამაში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებისთვის ოპოზიციის მიერ სამუშაო ჯგუფს შექმნას.

პაპუაშვილის შეფასებით, „მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს – დეპოლარიზაციას”.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია, რომელმაც, ერთის მხრივ, მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით და, მეორეს მხრივ, დაჟინებით მოუწოდა “ნაციონალურ მოძრაობას”, “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებელს”, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

ამის საპირისპიროდ, ბოლო დღეები ვხედავთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან დაკავშირებულმა “ლელომ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა”, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს…

… მოხარული ვარ, რომ მოვისმინე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიის და საერთაშორისო აქტორის შეფასებები ამ სამპარტიული კოალიციის მიერ წამოწყებული პროცესის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს”, – აცხადებს პაპუაშვილი.