ტექნიკური პრობლემის გამო 17 მაისის ონლაინაქცია დაგეგმილ დროს ვერ დაიწყო

პუბლიკა

ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის დღესთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებული ონლაინაქცია ერთი საათით გადაიდო. 18:00-ზე ჩანიშნული ვირტუალური კონფერენცია, ორგანიზატორების განმარტებით, ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ შედგა.

მოდერატორმა ანა აბაშიძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ დაჰაკულია პროგრამის მართვის პანელი, რის გამოც ვერ ხერხდება ვირტუალურ კონფერენციაში ყველა მსურველის შემოერთება და მათი ხმისა და ვიზუალის უხარვეზოდ გაშვება.

მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ „როგორც აღმოჩნდა, ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის რამდენიმე საათით გლობალურად აქვს ტექნიკური ხარვეზი. ამიტომ 1 საათით გადავდებთ ჩვენს ონლაინ-კონფერენციას”.

მათი თქმით, 19:30 საათისთვის Facebook-ღონისძიების გვერდზე ონლაინაქციის ახალ ბმულს გააზიარებენ.


„თბილისი პრაიდის” ინფორმაციით, ლგბტქი თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, რელიგიური ლიდერები, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ონლაინკონფერენციაზე ისაუბრებენ ქვიარ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

„ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია არის საქართველოში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა. არა მხოლოდ მათი, ვისაც კლავენ, ვისზეც ძალადობენ ან სახლიდან, თუ სამსახურიდან აგდებენ, არამედ მათიც, ვისაც სიძულვილი და დისკრიმინაცია, ადამიანების დაცინვა და დამცირება დასაშვებ ქმედებად, ნორმად მიაჩნია. და მათიც, ვისაც თავი ჰომოფობად არ მიაჩნია, მაგრამ არ სურს, ქვიარ ადამიანები საჯაროდ გამოხატავდნენ საკუთარი პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავებულია.

მაშინ, როდესაც ადამიანები დგანან პანდემიის გამოწვევის წინაშე, მრავალმა მათგანმა დაკარგა შემოსავლის წყარო და შიმშილობის ზღვარზეა, ჩნდება კითხვა: არის კი ახლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის დრო?! სწორედ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტად მწვავდება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა და ჩაგვრა და ამიტომაც სწორედ ახლაა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დრო”, – წერია ონლაინღონისძიების აღწერაში.