ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა „ოცნების" პოლიტიკა და ძალადობა გააპროტესტეს

პუბლიკა

ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების” პოლიტიკა – ევროინტეგრაციის შეჩერება და მოქალაქეებზე ძალადობა გააპროტესტეს.

ისინი ითხოვენ:

● რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას;
● ხელახალი არჩევნების ჩატარებას;
● ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ;
● მოქალაქეებზე ძალადობაში პასუხისმგებელი პირების დასჯას.

„გამოსავალია, ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ადამიანებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

ამ სფეროს წარმომადგენლებს არ გვქონდა მოტივაცია, ოფისებში ვმსხდარიყავით და ჩვენი საქმე გვეკეთებინა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო ისეთი სფეროა, რომელიც სერვისების შექმნას უკავშირდება. ამისთვის კი გვჭირდება სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, სტაბილური სახელმწიფო. დღეს ეს შეუძლებელია, სოციალური გარემო იმდენად არეული და რეპრესიულია.

ამიტომ, არ შეგვიძლია, უბრალოდ ოფისში ვისხდეთ და ჩვენი საქმე სტანდარტულად გავაგრძელოთ”. – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ტვ პირველთან”.

​„იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ ინოვაციებზე, ტექნოლოგიებზე და მის განვითარებაზე, გვიწევს ქუჩაში ყოფნა და პროტესტი. მოთხოვნა არის მარტივი: რეჟიმი უნდა შეიცვალოს, სისტემა უნდა შეიცვალოს. ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები, რომლებიც ნაცემები არიან, უნდა გათავისუფლდნენ”. – თქვა აქციის სხვა მონაწილემ.

ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

პროტესტს, რომლის ფარგლებშიც სამსახურში არ გამოცხადდებიან და მოთხოვნებს ქუჩაში გააჟღერებენ,  ტექ სფეროს წარმომადგენლები 2 დღეს გააგრძელებენ.

უკვე მე-15 დღეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ როგორც „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია, ასევე, მოქალაქეებზე სასტიკ ძალადობას და რეპრესიებს.

საპროტესტო აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს 40-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით – 400-ზე მეტი. მათი დიდი ნაწილი არის ნაწამები.

„ოცნება” ასევე ცდილობს, საპროტესტო აქციებს ხელი აკრძალვებითაც შეუშალოს. მათ შორის, კრძალავს ფეიერვერკებს, პროტესტებზე სახის დაფარვას, მათ შორის, აირწინაღის გამოყენებას, კრძალავს ლაზერებს. მიუხედავად ამისა, თბილისსა და სხვა ქალაქებში პროტესტი არ წყდება. საღამოობით კი რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი იკრიბება.