ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა ჩვენი ქონებაც დააზიანეს, ზარალის ანაზრაურებას ვითხოვთ - Tbilisi Open Air

პუბლიკა

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალის ტერიტორიაზე შესულმა აგრესიულმა ჯგუფებმა Tbilisi Open Air-ის კუთვნილი ქონებაც დააზიანეს, ფესტივალი ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვს.

„გატეხილია ჩვენი საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, ასევე დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები, ჩვენი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები. ეს არის კერძო ტერიტორიის მიზანმიმართული განადგურება, ინვენტარის დაზიანება და ძარცვა.

შსს-თან თანამშრომლობისა და დახმარების მიღების მცდელობის მიუხედავად, პასუხად მივიღეთ უარი, ამიტომ გამოვიძახეთ ფესტივალის კერძო დაცვა, რათა აღარ გაგრძელდეს ტერიტორიის განადგურება, თუმცა რა კადრებიც დღეს გავრცელდა, ისედაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომელმაც წაახალისა ველური ჯგუფები და ხელი შეუწყო როგორც პრაიდ ფესტის ჩაშლას, ასევე ჩვენი ფესტივალის ტერიტორიის მიზანმიმართულ განადგურებას, რაც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის თანამშრომლები კი მხოლოდ ბრბოდან ნაცნობების გამორჩევითა და მათი ჩახუტებით შემოიფარგლებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.

ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.