საკარანტინო ღონისძიების ფარგლებში მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებოს გარეშეც შეძლებს - კანონპროექტი

პუბლიკა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კანონპროექტი მოამზადეს, რის მიხედვითაც ახლებურად ყალიბდება ტერმინები – იზოლაცია და საკარანტინო ღონისძიებები.

კანონპროექტის მიხედვით,  ტერმინ „იზოლაციის“ განსაზღვრებას ემატება „შესაძლო ინფიცირებული პირი” და ის ამგვარი ფორმულირებით ყალიბდება:

„ავადმყოფის, ინფიცირებული ან შესაძლო ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას“.

რაც შეეხება საკარანტინო ღონისძიებებს, ტერმინის განმარტება დღეს არსებულ ჩანაწერთან შედარებით ფართოვდება.  

დღეს მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებები ასე განიმარტება – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში;

კანონპროექტით კი, ამ განმარტებას ასევე ემატება შემდეგი – „აგრეთვე ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად“.

პროექტით ასევე ზუსტდება, რომ იზოლაციის ან/და კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც.

შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მთავრობას შესაძლებლობა ექნება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც, აღნიშნულ კანონზე დაყრდნობით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები.

კანონში ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

ინიციატორები კანონპროექტის განმარტეით ბარათში აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ შემოღებულმა შეზღუდვებმა დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა ისინი ძალაშია საგანგებო მდგომარეობის ვადით, 2020 წლის 23 მაისამდე.

ინიციატორების თქმით, ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად კი, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია, დაიხვეწოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომელებიც დაკავშირებულია საკარანტინო ღონისძიებების გამოყენებასთან.

მათი თქმით, აუცილებელია, არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და იმგვარი რეგულაციები და ისეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემს ბერკეტებს, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს დაავადებას.

„შესაბამისად, საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც დაიხვეწოს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რათა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც შესაძლებელი იყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესების სწორად წარმართვას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.