ტერორისტული აქტის უკრაინასთან დაკავშირების გამო ზელენსკიმ პუტინს „ცინიკური არსება" უწოდა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შესახებ რუსეთის ბრალდებებს უარყოფს და მომხდარის უკრაინასთან დაკავშირების გამო ვლადიმერ პუტინს „ავადმყოფსა და ცინიკურს” უწოდებს.

„კიდევ ერთხელ, ის უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. ის ფიქრობს, რომ მის გარდა, ყველა ტერორისტია, თუმცა თავად ავრცელებს ტერორს ორი ათეული წელია. ის არის ტერორის ყველაზე დიდი წყარო, ის და მისი სპეციალური სამსახურები”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ როცა პუტინი ხელისუფლებიდან წავა „ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება”, რადგან ეს მისი მოთხოვნაა და სხვა არავისი.

23 მარტს, ტერორისტული თავდასხმიდან, დაახლოებით, 20 საათში ვლადიმერ პუტინმა მომხდარი უკრაინას დაუკავშირა და თქვა, რომ ოთხი თავდამსხმელი გაქცევას უკრაინისკენ გეგმავდა, ხოლო უკრაინამ მათთვის გასაქცევი „ფანჯარა“ მოამზადა.

ამასთან, 25 მარტს პუტინმა ისევ ისაუბრა ამ კონსპირაციაზე და თქვა, რომ უნდა დადგინდეს „რატომ ცდილობდნენ ტერორისტები უკრაინისკენ წასვლა და ვინ ელოდა მათ იქ”. მან დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, ტერორისტული თავდასხმა „ისლამისტი რადიკალების ხელით განხორციელდა”, აშშ ცდილობს სხვა ქვეყნები დაარწმუნოს, რომ „აქ კიევის კვალი არ ჩანს და თავდასხმა ისლამის მიმდევრებმა ჩაიდინეს”.

გუშინ მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი თავდასხმისთვის ბრალდებულების სასამართლო გაიმართა – ოთხივე ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რუსული სამთავრობო მედიების ცნობით, ბრალდებულები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან და ორი მათგანი დანაშაულს აღიარებს. მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ ჯგუფურად ჩადენილი ტერორისტული თავდასხმის მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია – დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„კროკუს სითი ჰოლში”, მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა. რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მიმდინარეობს დაღუპულების იდენტიფიცირება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, 62 ცხედარია იდენტიფიცირებული.

FSB-მ 23 მარტს 11 დაკავებულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ისინი გაქცევას „რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ცდილობდნენ”. ამ დრომდე უცნობია დანარჩენი 7 ბრალდებულის ვინაობა.

უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებულმა არხებმა გაავრცელეს ვიდეოები, სადაც დაკავებულების წამებაა ასახული – ერთ-ერთ ბრალდებულს მოაჭრეს ყური და ელექტროსადენებით აწამეს.