საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია სუსი ავრცელებს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, “- ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.