„გირჩმა“ წინასაარჩევნოდ სამი ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია იწყებს ახალი გაზეთის გამოცემას, ასევე შეიქმნა ახალი ონლაინპორტალი და „ამომრჩევლების წასახალისებლად” იწყება გათამაშება.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გაზეთს „მეტი თავისუფლება“ ერქმევა. პროექტის ხელმძღვანელი იაგო ხვიჩიაა და ის რეგულარულად გამოიცემა. ჯაფარიძის თქმით, გაზეთიდან მოქალაქეები შეიტყობენ, რას საქმიანობს „გირჩი“, რა არის პარტიის მიზნები და რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში მოხვდებიან.
გაზეთის პირველი ნომერი უკვე გამოცემულია და ის პრესის ჯიხურებში გაიყიდება ერთ ლარად. „გირჩის“ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, იაგო ხვიჩია პირველ სარედაქციო წერილში წერს, რომ მას ქვეყანაში თავისუფლების ხარისხი არ მოსწონს.
პარტიის მეორე პროექტი ვებგვერდია – www.girchi.com, სადაც, ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეები გაეცნობიან პარტიის წევრებსა და მათ ხედვებს ეკონომიკის, განათლების, მართლმსაჯულების და სხვა საკითხებთან მიმართებით.
„გირჩის“ მესამე წინასაარჩევნო პროექტი „TESLA“-ს ავტომობილების გათამაშებაა.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, „გირჩი” მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, „Tesla”-ს ავტომობილებს გაათამაშებს.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიას გაცხადებული აქვს, რომ საბიუჯეტი დაფინანსების აღება არ სურს, თუმცა ეს ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო ამ თანხას მაინც რიცხავს.
„ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რაში გამოგვეყენებინა [სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი] ფული, რომლის აღება ჩვენ არ გვინდა და, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, ეს ფული გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ მოქალაქეების სტიმულირება, რომ ისინი მივიდნენ ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებზე. ეს არჩევნები არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის, მათ შორის, პირველი არჩევნებია, რომელიც ტარდება ახალი საარჩევნო სისტემით.
პრინციპულად მნიშვნელოვანია, ახალ პარლამენტში მაქსიმალურად ასახული იყოს მოქალაქეების პოლიტიკური განწყობები და მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ არ დაიზაროს და მივიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ შემდეგი რაღაცა:
ყველა ის მოქალაქე, რომელიც მივა არჩევნებზე, დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას მისცემს ხმას და ატვირთავს საკუთარ ფოტოს საარჩევნო უბნიდან საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე, ასევე დარეგისტრირებული იქნება „გირჩის“ პორტალზე, მიიღებს მონაწილეობას სპეციალურ გათამაშებაში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.