ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ პირებსაც, იქ ყოფნის მე-14 დღეს – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტირება რამდენიმეეტაპიანია და ნაბიჯ-ნაბიჯ ფართოვდება. მისი თქმით, უკვე დაწყებულია კორონავირუსზე დღიურად ჩატარებული PCR-ტესტების რაოდენობის ზრდა და 15 მაისამდე დღეში 1500-1700 ტესტირება იგეგმება.

„ტესტირების გაფართოება რამდენიმე ეტაპად გვაქვს განსაზღვრული. პირველ ეტაპზე დღეს იტესტება ქვეყანაში ყველა ის ადამიანი, ვინც ექვემდებარება განზღვრებას – კოვიდზე შესაძლებელი შემთხვევისა. ეს არის, ვისაც აქვს ცხელება, ან არ აქვს ცხელება, მაგრამ აქვს რესპირატორული სიმპტომები. დღეს იტესტება ცხელების კლინიკაში მისული ყველა პაციენტი, პნევმონიის მქონე ყველა ადამიანი ყველა კლინიკაში, არა მარტო კოვიდკლინიკებსა და ცხელების კლინიკებში. ასევე, ყოველ 14 დღეს – სამედიცინო პერსონალი.

ამის შემდეგ უკვე ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს, იქ  ყოფნის მე-13, მე-14 დღეს, გამოსვლის წინა დღეებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ არ აქვთ ინფექცია. თანდათან, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ფართოვდება. ასევე – ყველა სამედიცინო დახმარების ექიმს, მძღოლს და ა. შ. ასე თანდათან ვაფართოებთ წრეს. მერე საუბარია ტრაილერების მძღოლების გატესტვაზეც, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში და ა.შ.“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.