საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იგეგმება.
„ამრიგად, მომავალი 2 კვირის განმავლობაში გაორმაგდება და 6, 7, 8 ათასამდე ავა ანტიგენის ტესტირება და დაახლოებით, 2 ათასი PCR-ტესტი ქვეყანას დღიურად შეიძლება დაემატოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში PCR-ტესტების დღიური საშუალო მაჩვენებელი 9 800-ია.
„საქართველოსა და ჩვენი სიმძლავრის ქვეყანას 12-13 ათასზე ასვლა შეუძლია. ბოლო 2 კვირაზე მეტია, რაც ანტიგენის ტესტი შემოვიდა და ამის დიდი პრომოცია მიმდინარეობს. დაახლოებით, საშუალოდ 2.5-დან 3 ათასამდე ანტიგენის ტესტს ვატარებთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ბოლო თვის განმავლობაში ყოფილა ისეთი დღეებიც, როდესაც 12-13 ათასი PCR-ტესტი გაკეთებულა და ყოფილა ისეთი დღეებიც, როდესაც – 5.5 – 6 ათასი.
გამყრელიძისვე თქმით, უნდა გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე, რადგან მხოლოდ შეზღუდვები არაფერს იზამს.