ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია „პირველ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად იზრდება. მისი თქმით, თავდაპირველად ტესტირების სამიზნე ჯგუფი სამედიცინო პერსონალი იქნება.
„ტესტირების შესაძლებლობები ჩვენ დღეს გვაქვს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ორი კვირის წინ გვქონდა. ჩამოვიდა ის ტესტები, რომელსაც ველოდით, PCR ტესტების მარაგი შეივსო და ასევე ფართოვდება ლაბორატორიული ქსელი. ჩვენ უკვე მზად გვაქვს კონკრეტული გეგმა და სამშაბათიდან PCR ტესტირებას შემოუერთდება ახალი, კერძო ლაბორატორიები, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს ქსელს და, ასევე, შეამცირებს იმ დროს, რაც ჩვენ გვჭირდებოდა ტესტების აღებაზე.
ასევე, ფართოდ გამოიყენება უკვე ანტისხეულების ტესტები ცხელების კლინიკებში და კოვიდკლინიკეში. უკვე დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის ტესტირებაც.
პირველი სამიზნე ჯგუფი მაინც სამედიცინო პერსონალია. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურში დავიწყეთ ახლა ტესტირება. დაახლოებით 4 500 თანამშრომელია იმ სამსახურში დასაქმებული და პირველი 1000 ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი გაივლის ტესტირებას კვირის ბოლომდე“, – ამბობს თამარ გაბუნია.