ტესტირების პროტოკოლი შეიცვალა და მოქმედისგან პრინციპულად განსხვავდება - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღეს სამინისტროში გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები და სპეციალისტები, ტესტირების ახალი პროტოკოლი დაამტკიცეს, რომელიც  მოქმედი პროტოკოლისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

მისი თქმით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, ტესტირება ჩაუტარდება პირებს, რომლებსაც არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ჰქონდა სარისკო ქცევა, ან იმოგზაურეს რისკის ჯგუფის ქვეყნებში, ან ამ ქვეყნებიდან მიიღეს სტუმრები, ან შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან.

ცერცვაძის თქმით, ტესტირებას დაექვემდებარება ის პირებიც, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ისტორია, ან შეხება ინფიცირებულთან და აქვს სიმპტომები.

განახლებული პროტოკოლის შესახებ ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

„მინდა ვთქვა, რომ ისევე, როგორც ეპიდემიის ყველა ეტაპზე, ტესტირების პროტოკოლის საკითხშიც სახელმწიფომ გამოიჩინა გონივრული მიდგომა და შეარჩია ჩემი ვარაუდით ის ალგორითმი, რომელიც დღეისთვის საუკეთესოა ჩვენთან არსებული რესურსებისა და სიტუაციის გათვალისწინებით. გაფართოებული სხდომა სამინისტროში დღეს გაიმართა. ყველა ექსპერტი და სპეციალისტი მონაწილეობდა და შევთანხმდით ახალ პროტოკოლზე, რომელიც დღემდე მოქმედისგან პრინციპულად განსხვავებულია.

დღემდე მოქმედი გულისხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ჰქონდა და მეორე აუცილებელი პირობა იყო, რომ ამ პიროვნებას რისკის შემცველი ქცევები უნდა ჰქონოდა: მას უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფებთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ეს პროტოკოლი შეკავების ფაზაში საკმარისი იყო, როცა ყველა დაინფიცირებულის კონტაქტი დროულად იყო გამოკვლეული.

ახლა, როცა დაიწყო შიდა გადაცემები და რიგ შემთხვევებში პაციენტი ვერ ასახელებს, ვისგან დაინფიცირდა, საჭირო იყო ცვლილებები.

ამ ალგორითმში შეიქმნა სამი პაკეტი –  ის პირები, რომლებიც აქამდე ექვემდებარებოდნენ ტესტირებას, კვლავ ექვემდებარებიან ტესტირებას. ამას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, მაგრამ რისკის ქცევები ჰქონდათ. მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ამბობს, რომ იმოგზაურა იტალიაში, ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს, ან  კონტაქტი ჰქონდა ავადმყოფებთან – ეს პიროვნება  ექვემდებარება გამოკვლევას.  ამ პაკეტის წევრები არიან ჯანდაცვის მუშაკებიც.

მესამე პაკეტში არიან პირები, რომლებიც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და არ აქვთ რისკის ფაქტორები. ის  შეიძლება ახველებდეს, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურიათ და არც ავადმყოფთან შეხება არ ჰქონიათ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამავე პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, სად უნდა ჩატარდეს გამოკვლევა მოლეკულური მეთოდით და სად სწრაფი ტესტებით.