სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად 46 პატიმრიდან Covid-19 ოთხს დაუდასტურდა.
„7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი – N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია.
კერძოდ, ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოცემულ პირს N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ ჩაუტარდა PCR ტესტირება და დაუდასტურდა ცოვიდ-19, რის შემდეგაც იგი სამოქალაქო კლინიკაში იქნა გადაყვანილი. 6 იანვარს კი განმეორებით ჩაუტარდა Pჩღ ტესტირება და პასუხი კვლავ დადებითი იყო. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია.
ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. მიუხედავად ამისა, თითოეული ეს პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ, “- ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ თითოეული ასეთი საეჭვო შემთხვევა აუცილებლად გადამოწმდება და ყველა პატიმარს სათანადო მომსახურება მიეწოდება.