თეთრი სახლი უკრაინასთან მინერალების შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მას ისტორიულ პარტნიორობას უწოდებს.
შეთანხმებას ხელი 30 აპრილს მოეწერა.
თეთრი სახლი წერს, რომ დოკუმენტი თავიდან ბოლომდე ეფუძნება თანამშრომლობით პარტნიორობას, საიდანაც როგორც აშშ, ისე უკრაინა მიიღებენ სარგებელს.
„პარტნიორობა ასახავს ამერიკის ეკონომიკურ ინტერესს თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული უკრაინის მომავლის უზრუნველსაყოფად.
ეს შეთანხმება გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის გრძელვადიანი აღდგენისა და მოდერნიზაციის მიმართულებით, რუსეთის მასშტაბური შეჭრის შედეგად გამოწვეული განადგურების პასუხად”. – წერს თეთრი სახლი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC)უკრაინის მთავრობასთან ერთად იმუშავებენ ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის მართვისა და წინსვლის საკითხზე.
DFC იმუშავებს უკრაინის საჯარო და კერძო პარტნიორობის მხარდაჭერის სააგენტოსთან ერთად. ამ ორივე უწყებას აქვს ნდობა იმ ერების მხრიდან, რომელსაც წარმოადგენენ.
გრძელვადიანი სარგებელი ორივე ქვეყნისთვის:
თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპმა ამ პარტნიორობას უწოდა ამერიკელებისა და უკრაინელების ერთობლივი ვალდებულება უკრაინაში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.
მინერალების შეთანხმებით უკრაინასა და აშშ-ის მიერ იქმნება ფონდი, რომელიც უკრაინაში ბუნებრივი რესურსების პროექტებიდან ჰონორარების, ლიცენზიების მოსაკრებლებისა და სხვა მსგავსი გადახდების 50%-ს მიიღებს. ეს თანხა უკრაინაში ახალ პროექტებში ჩაიდება, რაც გრძელვადიან შემოსავალს მოუტანს როგორც ამერიკელ, ასევე უკრაინელ ხალხს.
განცხადებაში წერია, რომ ახალი პროექტების იდენტიფიცირებისთანავე შესაძლებელი იქნება, ფონდში არსებული რესურსები სწრაფად გამოიყოს ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და უკრაინის განვითარების სხვა ძირითადი პრიორიტეტების მიმართულებით.
თეთრი სახლის განმარტებით, არაპირდაპირი სარგებელი გულისხმობს უფრო ძლიერ კერძო სექტორს და უფრო ძლიერ, მდგრად ინფრასტრუქტურას უკრაინის გრძელვადიანი წარმატებისთვის.
თეთრი სახლი წერს, რომ პარტნიორობას გააკონტროლებს კომპანია, რომელშიც თანაბრად იქნება წარმოდგენილი საბჭოს 3 უკრაინელი და 3 ამერიკელი წევრი, რომლებიც იმუშავებენ ერთად და მიიღებენ გადაწყვეტილებებს საინვესტიციო, სადისტრიბუციო და სხვა მიმართულებით.
თეთრი სახლის თანახმად, პარტნიორობა ასევე უზრუნველყოფს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს დონეს.
ბუნებრივი რესურსების პროექტები მოიცავს მინერალებს, ნახშირწყალბადებს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურის განვითარებას.
თუ შეერთებულ შტატებს ექნება სურვილი, თავად შეიძინოს ეს რესურსები, ისინი მიიღებენ პირველობის უფლებას მათ შესაძენად ან მათთვის სასურველი მყიდველის დასადგენად.
„ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა, და ეს მნიშვნელოვანი მექანიზმი ხელს უშლის კრიტიკულ რესურსებს არასწორ ხელში მოხვედრას.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა რუსეთს მტკიცე გზავნილს უგზავნის – შეერთებულ შტატებს აქვს გავლენა და უკრაინის გრძელვადიანი წარმატების ერთგულია
არც ერთ სახელმწიფოს, კომპანიას ან პირს, რომელმაც დააფინანსა ან ხელი შეუწყო რუსულ სამხედრო მანქანას, ვერ მიიღებს სარგებელს, მათ შორის, ფონდის რესურსებით დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის სახით”. – აცხადებს აშშ.