თეთრი სახლი: რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხება საუდის არაბეთში, ერ-რიადში, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ:

აშშ-სა და უკრაინას შორის მიღწეულია შეთანხმება შავი ზღვის რეგიონში ძალის გამოყენების აღმოსაფხვრელად, განცხადების მიხედვით, იგივე შეთანხმება მიღწეულია რუსეთთან.

განცხადების მიხედვით, ორივე ქვეყანა განაგრძობს სამხედრო ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების პროცესს.

თავის მხრივ კრემლმაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც შავი ზღვის შეთანხმებასთან დაკავშირებით რამდნეიმე პირობაზეა საუბარი.

ამ პირობების მიხედვით, შეთანხმება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ რუსულ ბანკებს, რომლებიც საკვებისა და სასუქის ექსპორტთან არიან კავშირში, სანქციები მოეხსნებათ და ისინი სრულად დაუბრუნდებიან SWIFT-ის სისტემას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გამოეხმაურა მოლაპარაკებებს და განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებას, კიევი დამატებით სანქციებს მოითხოვს.

„თუ ისინი დაარღვევენ, – მოვითხოვთ სანქციებს და იარაღს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.