თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პუბლიკა

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, დენ სკავინოს ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„Air Force One ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა – პრეზიდენტი ზელენსკისა და სხვებს ტელეფონით ესაუბრება. თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ამიტომ დაგვიანდა” – წერს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სოციალურ ქსელ X-ზე.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ზელენსკისთან საუბარის შემდეგ, ტრამპი NATO-ს ლიდერებს ესაუბრა.

15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში წარიმართა და დაახლოებით ორსაათნახევარი გაგრძელდა.

დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ,  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრა „პროდუქტიული იყო“

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, ვიტყოდი უმრავლეს მათგანზე, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა.“ – განაცხადა ტრამპმა.

პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტები აქვს. ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინაში ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნა პუტინმა.