თეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა 82 წლის მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თეთრიწყაროში, საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს – 87 წლის ქალს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს თქმით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.