ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდგინდა.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფექციის გავრცელების ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე მერიის ამ თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი და მერიის სხვა თანამშრომლებთან ყველასთან მოსულია უარყოფითი შედეგი, დადასტურება არ არის. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ინფიცირებული იყო, გუშინვე სხვადასხვა კლინიკებში გადამისამართდნენ, ოჯახები არიან როგორც თვითიზოლაციაში, ასევე მკაცრ კარანტინში, 40-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა“, – აცხადებს რეხვიაშვილი.
გუშინ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 12 – უშუალოდ თეთრიწყაროში.