The Economist Intelligence Unit: 2024 წელს საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა

პუბლიკა

ჟურნალ The Econimist-ის კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის თანახმად, 2024 წელს საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა.

კერძოდ, საქართველოს მაქსიმალური 10 ქულიდან 4.70 ქულა აქვს და 94-ე ადგილს იკავებს, როცა 2023 წლის შედეგებით 5.20 ქულა ჰქონდა და 89-ზე ადგილზე იყო.

დემოკრატიის ინდექსის კომპონენტებში საქართველოს შედეგები 10 ქულიდან ასე ნაწილდება;

  • საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი — 5.67;
  • მთავრობის ფუნქციონირება — 3.21;
  • პოლიტიკური თანამონაწილეობა — 5.56;
  • პოლიტიკური კულტურა — 3.75;
  • სამოქალაქო თავისუფლებები — 5.29.

საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, რომელსაც 2024 წელს დემოკრატიის კუთხით ყველაზე მეტი უკუსვლა ჰქონდა. ათეულში ასევე შედიან კატარი, ქუვეითი, ტუნისი და ბანგლადეში.

ანგარიშში ნათქვამია:

„რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკაში 2024 წელს, თუმცა ირიბად და არა პირდაპირი ინტერვენციის გზით.

გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის საკამათო მიღებამ, რომელსაც ოპოზიციამ „უცხოური აგენტების კანონი“ უწოდა რუსეთის ანალოგიური კანონმდებლობის გამო, გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მომავალი განვითარების ორი განსხვავებული ხედვის შეჯახებად იქცა—ერთის მხრივ, პრორუსული კურსისა, მეორეს მხრივ კი, ევროპული ინტეგრაციის მომხრე ძალებისა. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.

კენჭისყრის პროცესი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობდა, მათ შორის, იყო ზეწოლა ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე იყო ბრალდებები ხმების მოსყიდვისა და ბიულეტენების ჩაყრის შესახებ. ოპოზიციამ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა იმ ინსტიტუტებზე, რომლებსაც საარჩევნო ზედამხედველობა ევალებოდათ.

საბოლოოდ, არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა წლის ბოლოს ქვეყანა კვლავ მასშტაბურმა ქუჩის საპროტესტო აქციებმა მოიცვა”.