გამოცემა The Hill-ის თანახმად, რესპუბლიკური პარტიის დონორი და ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ ტექსასელი ხელმძღვანელი ლობირებს „მეგობარი აქტის“ – ორპარტიული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში პრორუსი და ანტიდემოკრატიული ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
The Hill წერს, რომ სტივ ნიკანდროსმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს ხმის „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინააღმდეგ მიცემის თხოვნით. გამოცემა არ ასახელებს აღნიშნული კონგრესმენის სახელს, რათა წყაროს კონფიდენციალურობა დაიცვას.
The Hill-ის სტატიის მიხედვით, წერილში ნიკანდროსი წერს, რომ მისი კომპანია საქართველოში ახალი, 100 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროგრამისთვის ემზადება, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ის ამტკიცებს, რომ „მეგობარი აქტი“ და თბილისის წინააღმდეგ მიმართული სხვა სანქციები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს.
„მეგობარი აქტი“ გულისხმობს სანქციების დაწესებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის, დემოკრატიული უკუსვლისა და რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაახლოების გამო. ამჟამად კანონპროექტის განხილვა კონგრესში შეჩერებულია. The Hill მიუთითებს, რომ მისი უახლოეს მომავალში მიღების პერსპექტივა არ ჩანს.
გამოცემის თანახმად, მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ინიციატივას ფართო მხარდაჭერა აქვს კონგრესისა და სენატის წევრებს შორის. მარტში კონგრესმა ის ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, თუმცა სენატში მისი წინსვლა სენატორმა ოკლაჰომის რესპუბლიკელმა სენატორმა, მარკუეინ მალინმა დაბლოკა.
The Hill აღნიშნავს, რომ სტივ ნიკანდროსმა გაიღო თანხა როგორც მარკვეინ მალინის, ისე სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლების საარჩევნო კამპანიებისთვის.
სექტემბერში მალინმა The Hill-ს განუცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტის“ მიმართ ნიკანდროსთან დაკავშირებული არ ყოფილა. 2020 წელს მალინი ლობირებდა ნიკანდროსის ერთ-ერთ კომპანიას, „ფრონტერა რესურსებს“ (Frontera Resources), საქართველოს მთავრობასთან დავის დროს.
The Hill იხსენებს, რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკ ჯონსონმა 2025 წლის ბოლოს სცადა, „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ჩაერთო, მაგრამ მას სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ თიუნმა შეუშალა ხელი.
გამოცემის თანახმად, 19 იანვარს სტივ ნიკანდროსმა კანონმდებლებს გაუგზავნა წერილი, სადაც მოუწოდა მათ, „დაუპირისპირდნენ მეგობარი აქტს (H.R. 36/S.868) და ნებისმიერ სხვა კანონმდებლობას, რომელიც მას ეფუძნება“.
The Hill ასევე წერს:
ნიკანდროსმა რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის გაგზავნილი წერილი თავისი კომპანიის, TXN Energy Holdings Inc-ის სახელით დაწერა. კომპანიის ვებგვერდი იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც „ფრონტერა რესურსები“.
2020 წლის დავისას კომპანია „ფრონტერას“ ამტკიცებდა, რომ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ 1 მილიონი დოლარი დახარჯა ლობირებაში, რის შემდეგაც, იმავე წლის ივლისში, თბილისმა „ფრონტერას“ საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა.
„თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ჩემმა კომპანიამ დიდი ინვესტიცია ჩადო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში“, – წერს ნიკანდროსი 19 იანვრის წერილში.
ნიკანდროსმა თავისი მიმართვა წარმოაჩინა, როგორც გაგრძელება სექტემბერში გაგზავნილი წერილისა, სადაც ის მადლობას უხდიდა რესპუბლიკელებს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციის არაღიარებას ითვალისწინებდა. ორივე კანონპროექტის სპონსორია კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა), რომელმაც მანამდეც გამოთქვა შეშფოთება ნიკანდროსის საქმიანობასთან დაკავშირებით.
19 იანვრის წერილში ნიკანდროსმა გააკრიტიკა მაიკ ჯონსონი და აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერა აჩენს კითხვებს „ბაიდენის ეპოქის პოლიტიკის გაგრძელებასთან“ დაკავშირებით.
პრეზიდენტ ტრამპს არ გაუუქმებია პრეზიდენტ ბაიდენის ქმედებები „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ, რაც მოიცავდა სანქციებს იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების დარბევაში. ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე დააწესა სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და შეაჩერა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.
ივანიშვილმა, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა, „ქართულ ოცნებას“ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა დაავალა, არ შეუერთდა უკრაინის ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, აღადგინა რუსეთთან ფრენები და დააკოპირა კრემლის კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ივლისში ტრამპის ადმინისტრაცია შეეცადა ივანიშვილთან ურთიერთობების გადატვირთვას, თუმცა ივანიშვილმა ეს მცდელობა უკუაგდო, რადგან სანქციები ძალაში დარჩა.
ჯო უილსონმა The Hill-ისთვის გაგზავნილ წერილში დაიცვა „მეგობარი აქტი“ და აღნიშნა, რომ ის აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში ტრამპის იმ ძალისხმევის გასაძლიერებლად, როგორიცაა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული მშვიდობა და “შუა დერეფნიდან“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეცვლის თავის ანტიამერიკულ ქცევას“, – განაცხადა უილსონმა.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, ასევე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც დაგმეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ავტორიტარული ნაბიჯები და მოუწოდეს მათ დაუბრუნდნენ დემოკრატიულ მმართველობას.
ამის საპირისპიროდ, ნიკანდროსი თავის წერილში თბილისთან ურთიერთობის გაფუჭებაში ბაიდენს ადანაშაულებს და „ქართულ ოცნებას“ „კონსერვატიულ“ მოძრაობასთან აიგივებს. ის ასევე ამტკიცებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები მცდარია და ექომაგება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონს.