ამერიკული გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გასულ თვეში პირადი თხოვნით მიმართა სენატის უმრავლესობის ლიდერს ჯონ თუნს, რომ „MEGOBARI აქტი“ ჩაერთო NDAA-ში, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, თუმცა უარი მიიღო.
აქტში, რომელიც ყოველწლიურად განსაზღვრავს ვაშინგტონის უსაფრთხოების პრიორიტეტებსა და თავდაცვის ბიუჯეტს. ამავე დროს, ის მოიცავს დამატებით პოლიტიკურ დებულებებსაც, რომლებიც სცდება მხოლოდ ბიუჯეტს და ეხება, მაგალითად, სამხედრო დახმარებას სხვა ქვეყნებისთვის, სანქციებს ან პენტაგონის მუშაობის წესებს.
როგორც The HIll წერს, რესპუბლიკელმა სენატორმა უკვე მეორედ დაბლოკა „MEGOBARI აქტის“ ჩართვაზე ორპარტიული მოთხოვნა. თუმცა გამოცემა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოულოდნელი იყო მაიკ ჯონსონის მიერ მოქმედება აქტის მხარდასაჭერად.
„მაიკ ჯონსონის მიერ კანონპროექტის მხარდასაჭერად ბოლო მომენტში გადადგმული ნაბიჯები მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის, ვინც NDAA-ს მიღების პროცესს ახლოდან აკვირდებოდა.
„სპიკერ ჯონსონის ლობირება მისასალმებელი იყო, თუმცა თითქოს არსაიდან გაჩნდა,“ – განაცხადა კონგრესის აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. „გვეგონა, კანონპროექტი დავიწყებას იყო მიცემული მას შემდეგ, რაც თუნმა ის სექტემბერში ჩააგდო. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რომ სპიკერის თხოვნით კანონპროექტი ბოლო წუთს შეგვეტანა NDAA-ში, მაგრამ თუნის წინააღმდეგობის გადალახვა ვერ შევძელით“, – ციტირებს გამოცემა კონგრესის აპარატის თანამშრომელს და ამატებს, რომ ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, თუნმა „უბრალოდ კატეგორიული უარი განაცხადა“.
რაც შეეხება ჯონ თუნს, როგორც The Hill წერს, მან პირველ შემთხვევაში „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერა სენატორ მარკვეინ მალინის თხოვნით დაბლოკა.
ოკლაჰომელი სენატორი მარკვეინ მალინი წარსულში „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. კერძოდ, 2020 წლის მაისში მან აშშ-ის მაშინდელ სენატორ მაიკ პომპეოს მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ქართული ოცნებასა და ივანიშვილს კავშირები ამერიკის მიმართ მტრულად პირებთან აქვს კავშირები”.
მარკვეინ მალინი ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა.
მაგრამ როგორც გამოცემა წერს, სექტემბერში მან The Hill-თან განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საუბრისას ამტკიცებდა, რომ თბილისთან მიმართებით სანქციების „ჯოხის“ ნაცვლად „სტაფილოს“ პოლიტიკა უნდა გამოეყენებინათ.
„მინდა, შევძლო მათთან მუშაობა, ვიდრე სანქციებს დავუწესებთ. მინდა ვიმუშაო მათთან, რომ ვნახოთ, როგორ შეუძლიათ მიაღწიონ რეალურ სუვერენიტეტს და თავი დააღწიონ რუსეთის გადამეტებულ გავლენას,“ – განუცხადა მან მაშინ The Hill-ს.