The Insider: რუსი ფოტოჟურნალისტი საქართველოში მეორედ არ შემოუშვეს

პუბლიკა

რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი, რომელიც Associated Press-სა და The Insider-ში მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს.კრესტიანინოვი თბილისში 2021 წლის ნოემბრიდან ცხოვრობს და ვილნიუსიდან ერევნის გავლით თბილისში ბრუნდებოდა. ინფორმაციას გამოცემა The Insider ავრცელებს.

ვილნიუსში ის „თავისუფალი რუსეთის კონგრესს“ ესწრებოდა. როგორც კრესტიანოვმა The Insider-ს განუცხადა, თბილისის აეროპორტში მისთვის არანაირი შეკითხვა არ დაუსვამთ, მესაზღვრემ მისი პასპორტი “გამომწვევად გადაიღო” და ფოტო უფროსებს გაუგზავნა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მას საბუთები ერთი საათის შემდეგ დაუბრუნეს. პასპორტში ეწერა, რომ ის „სხვა მიზეზით“ არ შემოუშვეს ქვეყანაში. კრესტიანინოვი ზედიზედ მეორედ არ შემოუშვეს საქართველოში. პირველი უარი მან 23 აგვისტოს მიიღო, როცა თურქეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. მისი ინფორმაციით, მაშინაც მესაზღვრეებმა ჟურნალისტი მიზეზის დასახელების გარეშე არ შემოუშვა ქვეყანაში.

თავად კრესტიანინოვი ორივე უარს მის საქმიანობას უკავშირებს. ის თანამშრომლობს სხვადასხვა დამოუკიდებელ გამოცემასთან და აშუქებს პოლიტიკურ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყანაში. 2021 წლის ნოემბერში ის საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც FSB მისი გადაბირება სცადა.

„პუბლიკა” განმარტებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.