The Washington Post საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიაში „ოცნებას“ ავტორიტარულს და პრორუსულს უწოდებს

პუბლიკა

The Washington Post საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სარედაქციო სტატიით ეხმაურება, სადაც „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ და ავტორიტარულ ჯგუფად მოიხსენიებს.

სტატიაში საუბარია, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა ბოლო მოწოდება იყოს ქართული დემოკრატიისთვის, ხოლო აშშ-ს შეუძლია მეტი გააკეთოს მის  გადასარჩენად.

„რაც ხდის საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნებს შორის ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიული მომავლის ერთგულია, რომელიც ევროპასთან იკვეთება, მიუხედავად „ქართული ოცნების“ რუსეთთან თანხმობისა“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, The Washington Post წერს რუსული კანონის შესახებ და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით მიიღო.

პუბლიკაციაში განხილულია ის პროცესები, რომლებიც საქართველოში რუსული კანონის მიღებას ახლდა თან. საუბარია პროტესტსა და ვეტოს დაძლევაზე, კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე და ასევე მექანიზმზე, თუ როგორ მუშაობს კანონი.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსი კანონები სხვადასხვა რეპრესიულ საზოგადოებებში სამოქალაქო ჯგუფების სტიგმატიზაციისა და მათი დაფინანსების ჩახშობისთვის გამოიყენეს.

„ევროკავშირმა და აშშ-მ გააფრთხილეს საქართველო, რომ ეს კანონი იქნებოდა სერიოზული დაბრკოლება ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის, რაც უდავოდ, არის ერთი მიზეზი, რატომაც უჭერენ მას მხარს ქართული ოცნება და მისი რუსი მომხრეები“, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

პუბლიკაციაში ასევე ხაზგასმულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე – აღნიშნულს გამომცემბლობა მუქარადა აფასებს. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ მუქარა ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა და რომელიც ამჟამად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებითაა ციხეში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ უკან მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ნიშნავდა ოპოზიციას, როგორც გლობალური კონსპირაციის მონაწილეებს,

„ეს ეხმაურება პუტინის პარანოიდულ გაფრთხილებებს „ფერადი რევოლუციის“ შესახებ, რომელსაც დასავლეთი წაახალისებდა“, – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

ამასთან, WP წერს, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიციამ, სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება მოახდინა – აღნიშნულს მედია „აბსურდს“ უწოდებს.

„ეს აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

დასასრულს, The Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 2/3 თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და დროა, მმართველი გუნდი შეიცვალოს. აღნიშნულია, რომ მსგავსი განწყობები განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდებში და ისინი მოახლოებულ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით წარდგენას აპირებენ.