ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, 2022 წლის ბოლოს „იმედის“ სასესხო დავალიანება ივანიშვილის კომპანიების მიმართ, მინიმუმ, 61 მლნ ლარი იყო.
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია „იმედის“ დაფინანსებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ.
კერძოდ, 2025 წლის 8 სექტემბერს ჰოლანდიურმა საგამოძიებო მედიაპროექტმა Follow the Money გამოაქვეყნა სტატია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.
„გამჭვირვალობის“ მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი „იმედს“, მინიმუმ, 2018 წლიდან აფინანსებს.
„2022 წლის ბოლოს „იმედის“ სასესხო დავალიანება ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მიმართ, მინიმუმ, 61 მლნ ლარი იყო. „ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან ერთად დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც იმედის დაფინანსების 50%-მდეა.
„იმედის“ დაფინანსება შეღავათიანი სესხებით ხდება. 2023 წელს ტელეკომპანიას 331 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით). კომპანია ზარალზე მუშაობს. 2023 წლის ბოლოს, მას 388 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი“, – წერია განცხადებაში.
TI-ს ცნობით, ზარალის დასაფარად „ტელეიმედი“ მისი მფლობელებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან წლიდან წლამდე იღებს შეღავათიან სესხებს, რომელთა დაბრუნებას „ტელეიმედს“ არავინ სთხოვს.
2023 წლის ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია:
„მიმდინარე ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილია ისეთი კომპანიებისგან აღებული სესხებით, რომლებიც კომპანიის აქციონერები და მათი ჯგუფის წევრები არიან. კომპანიის ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ აღნიშნული კრედიტორები მოითხოვენ სესხების დაფარვას ისე, რომ „ტელეიმედს“ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნას”.
„2018 წელს „ტელეიმედს“ 141 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული, ხოლო 2023 წელს უკვე 331 მლნ ლარი. ამ თანხის უმეტესი ნაწილი კომპანიის ერთ-ერთი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კომპანიებისგან მოდის. თუმცა ფინანსური ანგარიშების ანალიზმა აჩვენა, რომ იმავე სქემით, „ტელეიმედის“ დამფინანსებელთა შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებიც არიან, ბოლო მონაცემებით (2022 წელი):
- სს „ბანკი ქართუ“ – 44.8 მლნ ლარი
- შპს „ქართუ ჯგუფი“ – 6.9 მლნ ლარი
- Wenigen Management Limited – 9 მლნ ლარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სს „ბანკი ქართუ“, შპს „ქართუ ჯგუფი“ და Wenigen Management Limited ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული, ასევე ჩნდება ეჭვი, რომ შპს „ამბერიც“ ექსპრემიერთანაა კავშირში.
ინფორმაციას ვრცლად გაეცანით ბმულზე.