TI: აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილია

პუბლიკა

“გამჭირვალობა საქართველო” ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ხელისუფლების აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილია.

“კატეგორიულად ვგმობთ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული საქმე და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

აღნიშნული ფაქტი არის ხელისუფლების იმ აგრესიული და სიძულვილით სავსე რიტორიკის გამოძახილი, რომელიც მიმართულია კრიტიკული მედიის, ჟურნალისტების თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. შედეგად, წახალისება ხდება მსგავსი სახის ძალადობისა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც პირველ რიგში კრიტიკული აზრის გამოხატვას და თავისუფლად გავრცელებას გულისხმობს. მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, გაიაზრონ მათი როლი ამ პროცესში, შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ, საჯაროდ დაგმონ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ფორმის ძალადობა და უზრუნველყონ მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.” – ნათქვამია განცხადებაში. 


დღეს შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, თბილისში.

ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამები იყვნენ. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.

მისი თქმით, მას აქვს დაზიანებები თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას.

მისივე თქმით, თავდამსხმელები „კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აგინებდნენ გამორჩეულად.“