საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ახალ კვლევაში ანტიკორუფციული ბიუროს მრჩევლის ბიზნესინტერესებსა და „ქართულ ოცნებასთან“ კავშირებზე საუბრობს.
კერძოდ, TI მიუთითებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი, ვასილ ბაბლუანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ასევე მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დონორია.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბაბლუანი საპარტნიორო ფონდისა და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარიცაა – მათივე ცნობით, ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჯამში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიღეს.
ამასთან, როგორც TI-ში ამბობენ, ვასილ ბაბლუანის კომპანიებმა სახელმწიფოსგან, კერძოდ კი საპარტნიორო ფონდისგან (2023 წლიდან: საქართველოს განვითარების ფონდი) ორ პროექტზე მიიღეს დაფინანსება: ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში და კერამიკული აგურის ქარხანა.
TI-ის ცნობით, ორივე პროექტი კომპანია შპს ჯეეს იბერია ქონსალთინგის მიმდინარე ბიზნესპროექტებია – ამ კომპანიის 40%-იან წილს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ემზარ ნოზაძე ფლობს. მათი თქმით, ემზარ ნოზაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ძმაა, რომელიც უჩა მამაცაშვილის სიძეა. უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია.
„ღორების ფერმის პროექტის ღირებულება 700 000 დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 50%-ია. პროექტის უშუალო განმახორციელებელი კომპანიაა შპს ნატივე ჯორჯიან, რომელიც 2016 წლის მარტში დარეგისტრირდა და სადაც ვასილ ბაბლუანი 49%-იან წილს ფლობს. სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, გარდა თანამონაწილეობისა, ბიუჯეტიდან დამატებით 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ღორების ფერმამდე მისასვლელი გზის დაგებისთვის.
რაც შეეხება აგურის ქარხანას კასპში, პროექტი 3,2 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს და აქედან საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა 34%-ია. პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა შპს კერამიკა ელ ტორენტე +, რომლის 24.5% წილს ვასილ ბაბლუანი ფლობს, 25%-ს ბიძინა სონღულაშვილი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატ დავით სონღულაშვილის ძმაა.
კომპანიის დარჩენილ 50.5%-ს შპს სონნეთ ქონსთრაქშენ-ი ფლობს, რომლის 72%-ს იოსებ სონღულაშვილი, დავით სონღულაშვილის კიდევ ერთი ძმა, ფლობს. საინტერესოა, რომ საპარტნიორო ფონდის თანახმად, პროექტში ჩართულნი არიან ბანკი ქართუ და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ფონდის წილი 1.1 მილიონი დოლარია”, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში მიუთითებენ იმასაც, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ბაბლუანის კომპანიამ კასპში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 28 155 კვ.მ. მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 1 ლარად მიიღო 492 912 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით, რომლის შესრულების ვადაც სახელმწიფომ 2-ჯერ გაუხანგრძლივა.
ბაბლუანის პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობაში კორუფციის სავარაუდო ნიშნებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ჯერ კიდევ 2019 წელს, ხოლო 2021 წელს სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტები ამახვილებდნენ ყურადღებას.
ამასთან, TI საუბრობს, რომ ვასილ ბაბლუანის ორი კომპანია შპს ნოვა ჰიდრომაინინგ და სს ნოვა ჰოლდინგს კრიპტობიზნესშია ჩართული. კერძოდ, კომპანიის ვებგვერდის მიხედვით ორგანიზაცია წერს, რომ NOVA Hydromining მდებარეობს საქართველოს ორ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში: ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და გრძელვადიანი ხელშეკრულებით ფლობს 1500 მ2 მიწის ნაკვეთს მაინინგ-საქმიანობის განსახორციელებლად.
„2022 წლის მაისში ფორბსის ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში, ბაბლუანი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე თბილისში 10 მეგავატის სიმძლავრის კრიპტო-მაინინგის ქარხნის მშენებლობა-ამუშავება შედის. მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით 30 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს, „რომლის ამოღებას ქარხნის ამუშავებიდან ერთ წლამდე ვადაში“ ვარაუდობენ. გარდა ბიტკოინების გამომუშავებისა, კომპანია დაინტერესებულ მხარეებს მაინინგის ჰოსტინგს და საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს.
თიზ-ში მდებარე კომპანიები გათავისუფლებული არიან მოგების, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ). კრიპტობიზნესში ჩართული კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღგ-სგან გათავისუფლებაა, რადგან ამგვარად ისინი მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 18%-ით ნაკლებს იხდიან. მსგავსი კომპანიები დიდი მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, თუმცა ბევრ სამუშაო ადგილს არ ქმნიან და სახელმწიფო გადასახადების ნაწილისგან გათავისუფლებული არიან, რაც მათთვის სასათბურე პირობებს ქმნის და მაღალ მოგებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
TI აღნიშნავს, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მმართველი კომპანიის წილებს ბიძინა ივანიშვილი და ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი ფლობენ – რაც შეეხება თბილისის თიზ-ს, მათი ცნობით, 2015 წელს მისი შექმნა ასევე უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მის დაინტერესებას მაინინგ ბიზნესით და ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებას მისი პირადი საინვესტიციო ფონდის – თანაინვესტირების ფონდის – მიერ.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბაბლუანის NOVA Hydromining-ის კორპორაციული სტრატეგიის გუნდის წევრია დავით ებრალიძე, რომელიც ამავდროულად ფოთის თიზ-ის დირექტორიცაა. TI-ის ცნობით, ებრალიძე ჩხარტიშვილის ოჯახის რამდენიმე კომპანიის დირექტორიცაა – მათ შორის, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის, რომლის პრეზიდენტი თავად ვანო ჩხარტიშვილია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კრიპტობიზნესში ბაბლუანის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი ხუან დე ბაგრატიონ დე ულო, იგივე იოანე ბაგრატიონ-მუხრანელია, რომელიც თავის მხრივ საერთო ღვინის ბიზნესს ფლობს ივანე ჩხარტიშვილის შვილთან. მათი თქმით, ბაგრატიონის მეუღლე, ქრისტინე ძიძიგური, 2018 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა – განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაგრატიონის შვილის ნათლიები ივანე ჩხარტიშვილი, თორნიკე რიჟვაძე და ვასილ ბაბლუანი არიან.
ამასთან, TI-ში მმართველი პარტიისთვის ბაბლუანის შემოწირულებებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ 2013-2021 წლებში ვასილ ბაბლუანმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 501 000 ლარი შესწირეს – მათ შორის, ემზარ ნოზაძემ 135 000 ლარი, ბიძინა და იოსებ სონღულაშვილებმა 270 000 ლარი, ხოლო თავად ვასილ ბაბლუანმა – 10 000 ლარი.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დღეისთვის ვასილ ბაბლუანი 11 კომპანიაში ფლობს წილებს და 9 კომპანიაში იკავებს დირექტორის თანამდებობას – იგი არის ესპანეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დამფუძნებელი. მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩევლის რანგში მისი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებშიც და შემდეგაც, ბაბლუანის ინტერვიუებში ჩანს, რომ იგი კვლავ აგრძელებს აქტიურ ბიზნეს საქმიანობას და მის ძირითად ინტერესს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.
ამასთან, TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვასილ ბაბლუანის განათლებისა და გამოცდილების შესახებ, არც იმის შესახებ, თუ რომელი დარგობრივი/სექტორული მიმართულებით გასცემს იგი რჩევებს ბიუროს მრჩევლის რანგში.
TI ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ინფორმაცია ბიუროს მრჩევლების შესახებ.