TI: ბათუმში ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელს მხოლოდ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) ცნობით, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ზვიად ქორიძეზე თავდამსხმელი, გოჩა სამხარაძე დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და მას მხოლოდ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ აფარებს რეჟიმი ხელს საკუთარ მოძალადე მხარდამჭერებს.

„2024 წლის 14-15 იანვრის ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად ქორიძეს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, ცნობილ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს.

თავდამსხმელებს ხელმძღვანელობდა დიმიტრი სამხარაძე – ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი.

თავდასხმაში ასევე მონაწილეობდნენ:

  • გიორგი მანველიძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე და იმჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
  • გოჩა სამხარაძე – სავარაუდოდ, დიმიტრი სამხარაძის ნათესავი და თანმხლები პირის მძღოლი;
  • და რამდენიმე სხვა პირი.

ზვიად ქორიძე ბათუმში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა და აკვირდებოდა სასამართლო პროცესს პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე”, – წერს TI.

ორგანიზაციის ცნობით, ჯგუფური ძალადობის მიუხედავად, ბრალი წარედგინა მხოლოდ ერთ პირს – გოჩა სამხარაძეს, რომელმაც ხელი დაარტყა ზვიად ქორიძეს, დანარჩენი თავდამსხმელები კი დაუსჯელები დარჩნენ.

TI-ს შეფასებით, პროკურატურამ განზრახ დამალა დანაშაულის სრული სურათი და სხვა მონაწილე პირების როლი ამ დანაშაულში.

ორგანიზაცია წერს, რომ პროკურორის დადგენილებაში ზვიად ქორიძის მიმართ განხორციელებული ძალადობა ძალიან მოკლედ და დამახინჯებული სახით იყო აღწერილი. კერძოდ, არაფერი იყო ნათქვამი:

  • რა უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ქორიძეს დიმიტრი სამხარაძე;
  • რა გამეტებით ურტყამდა იგი ფეხს სავარძელს, რომელზეც ზვიად ქორიძე იჯდა;
  • როგორ წააქეზა მან თავისი ამ მოქმედებით თავისი თანმხლები პირები;
  • თუ როგორ ისროლეს ქორიძის მიმართულებით მიწით სავსე ყვავილების ქოთანი;
  • როგორ უყვიროდა გიორგი მანველიძე ქორიძეს, თუ როგორ გაბედა მან ბათუმში ჩასვლა, თითქოს ბათუმი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კერძო საკუთრება ყოფილიყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, ეს საქმე სიმბოლურია იმით, რომ ბათუმური ინციდენტი, რომელიც ზვიად ქორიძეს შეემთხვა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის პროცესთან.

„მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის სახეში სილის გაწნისთვის ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მინიმუმ 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ქორიძის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს შორის მხოლოდ ერთი დაისაჯა და ისიც შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელით.

დიქტატორული რეჟიმი არა მხოლოდ ამძიმებს წნეხს მათზე, ვინც ეწინააღმდეგება უთანასწორობასა და უსამართლობას, არამედ ხელს აფარებს მათ, ვინც თავისი ძალადობრივი ქმედებებით ამ რეჟიმს ამყარებს”, – აცხადებს TI.