„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.
მათივე განცხადებით, „კორუფციის დაფარვაში წლებია, ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუსისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები, ახლა კი „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით პოლიტიკური კონკურენტის მოცილების პროცესს ასაღებენ, როგორც კორუფციასთან ბრძოლას“.
„ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ალაპარაკდნენ და თითქმის ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ყოფილი პრემიერ მინისტრის, სუს-ის ყოფილი უფროსის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების გადამალვის, უკანონოდ გამდიდრების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ.
წლების განმავლობაში როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საგამოძიებო მედია ელიტური კორუფციის პრობლემაზე განგაშის ზარს სცემდა, „ქართული ოცნება“ ამას სიცრუეს უწოდებდა და ამბობდა, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხებული იყო.
ახლა კი ისინი თავად ადასტურებენ, რომ მრავალი წელი ქვეყანა კლეპტოკრატიული პრინციპით იმართებოდა და მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ მასშტაბურ კორუფციულ სქემებში – ქართულ ჯარს, მოსწავლეებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მილიონობით საბიუჯეტო სახსრებს პარავდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
TI-ს ანგარიშის მიხედვით, კორუფციის ეს შემთხვევები მოიცავს ისეთ სქემებს, როგორიცაა:
1. საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით;
5 მილიარდი ლარი, არის ის თანხა, რაც, მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გამოძიებებით, „ქართულ ოცნების“ ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი – 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.
2. სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების კორუფციული სქემა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ 71 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო აგროპროგრამებიდან. სანაცვლოდ ამ კომპანებმა პარტიას 7.7 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით. ამ თანხის დიდი ნაწილი – 56 მლნ ლარი – ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორზე ვახტანგ კარიჭაშვილზე მოდის.
30 მლნ ლარი 2022 წელს რთველის სუბსიდიის პროგრამიდან მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.
7.4 მლნ ლარი მიიღეს „აწარმოე საქართველოს“ პროგრამიდან იმ კომპანიებმა, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს 1.6 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით.
3. ე.წ. „ატკატების“ სქემა – მმართველი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სისტემური პოლიტიკური კორუფცია
TI აცხადებს, რომ 1 მილიარდ 28 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-2024 წლებში გამართული არჩევნების დროს. სანაცვლოდ, მათ „ქართულ ოცნებას“ 7.7 მილიონი ლარი შეწირეს.
4. ლიცენზიები და ნებართვები გავლენიანი პირებისთვის
ანგარიშის მიხედვით, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული. მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილს აქვს მიღებული. ჰესების ნებართვები აქვთ მიღებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრებს და „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე წევრს.
გარდა ამისა, ორგანიზაცია წრს, რომ კორუფციული გზებით მასობრივად გაიცემა სამშენებლო ნებართვები, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რის შედეგებსაც ამ ქალაქების მაცხოვრებლები ყოველ დღე ხედავენ. მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული კორუფციული გამოძიებები მედიაში მრავლად მოიპოვება.
5. სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციით ან იჯარით
TI-ს შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით ნარმანიას შემთხვევები მიანიშნებს, რომ თანამდებობის პირები გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით მარტივად იგდებენ ხელში ტყეებს პირადი სარგებლობისთვის.
„2013-2020 წლებში, სახელმწიფო ქონება 13 მილიონ ლარად გაიყიდა ისეთ პირებზე, რომლებმაც ქონების მიღებიდან მალევე მმართველ პარტიას 2 მილიონი ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით. მხოლოდ აჭარაში, 15 მილიონ ლარზე მეტი ქონება მიიღეს პრივატიზაციის სახით „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 2022-2024 წლებში. დღემდე დამალულია 2021-2023 წლებში მთავრობის მიერ მიღებული 300-ზე მეტი განკარგულება, რაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით, ხშირად სიმბოლურ 1 ლარად, გადაცემას ეხებოდა“, – წერია ანგარიშში.
6. მორგებული კანონების მიღება გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, სავარაუდოდ, 100 მლნ დოლარამდეა ის პოტენციური ზარალი, რაც საქართველოს ბიუჯეტმა ნახა ბიძინა ივანიშვილზე მორგებული ე.წ. „ოფშორების კანონის“ მიღების შედეგად, „რამაც ივანიშვილისთვის შესაძლებელი გახადა გადასახადების გადახდის გარეშე შემოეტანა ქვეყანაში ძვირადღირებული ფერწერული ტილოების კოლექცია და სხვა აქტივები“.
7. დაუსაბუთებელი შემოსავლის შენიღბვა საჩუქრების გამოყენებით
TI-ს ცნობით, 34 მლნ ლარი, არის თანხა, რაც 2024-2025 წლებში მაღალი თანამდებობის პირებმა მიღებული საჩუქრების სახით დაადეკლარირეს, ჩინოვნიკებს ოჯახის წევრებმა 23 მლნ ლარის ნაღდი ფული და 123 ძვირადღირებული უძრავი ქონება აჩუქეს.
„ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითზე პროკურატურამ დაადასტურა, რომ ამ გზით ზოგიერთი თანამდებობის პირი არალეგალური შემოსავლის შენიღბვას ცდილობს“, – წერია დოკუმენტში.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, ბოლო 10 წლის განმავლობაში კორუფციის ამ სქემების გასაჯაროებისთანავე ათობით წერილი აქვთ გაგზავნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და პროკურატურაში კონკრეტული შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით, ასევე, რამდენიმე თვის წინ 65 კორუფციულ საქმეზე რეაგირების მოთხოვნით ოფიციალურად გაუგზავნეს მასალები ანტიკორუფციულ ბიუროსაც, თუმცა რეაგირება არცერთი ამ უწყების მხრიდან არ ყოფილა.
ვრცლად ანგარიშს გაეცანით ბმულზე.