TI: ბოლქვაძის ნათესავების კომპანია აჭარის შესყიდვებიდან 5-მილიონიან სარგებელს იღებს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახსა და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შპს „როდამ” დაფუძნებიდან – 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 4 891 873 ლარი მიიღო. ჯამური თანხის ნახევარზე მეტი (2 611 087 ლარი) გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და შესყიდვებში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია.

აქვე ნათქვამია, რომ 101 მოგებული ტენდერიდან 99 შემთხვევაში ხელშეკრულებები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, ბათუმში, ქობულეთსა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გაფორმდა, მხოლოდ 2-ჯერაა შემსყიდველი აჭარის გარეთ მდებარე წალკის მუნიციპალიტეტი. მხოლოდ წელს, 1 აგვისტომდე შპს “როდამ” მიიღო 1,073,537 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, რაც ამ კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხის 22%-ს შეადგენს.

„როდა“ ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის, ავთანდილ ბოლქვაძის შვილის, დავით ბოლქვაძის კომპანიაა. დავით ბოლქვაძე კომპანიის დაფუძნების დღიდან – 2013 წლის 16 მაისიდან ფლობს 100% წილს და მისი დირექტორია. გამოუცდელმა კომპანიამ 117,610 ლარის ღირებულების პირველი სახელმწიფო შესყიდვა რეგისტრაციიდან 2 კვირაში, 2013 წლის 29 მაისს აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისგან მიიღო.

მონიტორინგის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.