TI: ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით, ვაგრძელებთ ინდივიდუალურ ბრძოლას

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.

TI-ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

„გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თუმცა, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის.

ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს. ამდენად, არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაგვიუქმეს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ. ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება.

მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თითოეული თანამშრომელი გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, ცოდნას და ინტელექტუალურ რესურსს, რათა სადამკვირვებლო მისიას – „ჩემი ხმა“ და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს დავეხმაროთ არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში. ჩვენ ეს ბარიერები არ გაგვაჩერებს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.


ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანზიაცია, სადაც აღნიშნეს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ინფორმაციაზე შეშფოთება გამოხატა ევროკავშრის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომაც – მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა.