TI: „ცილისწამების სარჩელები - დამატებითი ბერკეტი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ახალ ტენდენციად სასამართლოში სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადებების გამო შეტანილი სარჩელების მაღალი რაოდენობა გამოიკვეთა. ორგანიზაცია სარჩელების რიცხვს აფასებს როგორც „საგანგაშოდ მაღალი“.

„ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან.

დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, სადაც კანონში არსებული ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის. ასევე, საშიშია შემთხვევები, როდესაც მომჩივანი უშუალოდ ჟურნალისტს უჩივის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი პირადი ანგარიშების დაყადაღებას მოითხოვს.

პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვის კუთხით მედიის საქმიანობის შეფასება თვითრეგულირების ფარგლებშიცაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები თვითრეგულირების მექანიზმის ნაცვლად, სასამართლოს გზას მიმართავენ აქტიურად“, – აცხადებს TI.

ორგანიზაციის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.