TI: ცხელ ხაზზე ინფორმაცია 16 დაკავებულზე შემოვიდა, აქედან 4 - საავადმყოფოშია

პუბლიკა

`საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ამ ეტაპზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია შევიდა 16 პირზე, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში.

რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მომიტინგეების დაკავება, დევნა, მათზე ძალადობა. ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც ასევე ცრემლსადენი ნივთიერებები იყო შერეული.

მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. საპროტესტო აქციაზე პოლიციამ იძალადა ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე და რიგით მოქალაქეებზე.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების” სახელით ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს.