TI და „ევროპული ორბიტა“: ვგმობთ „ოცნების" მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის არაეთიკური საარჩევნო რეკლამების გამოყენებას

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“  და „საქართველოს ევროპული ორბიტა“ „უკიდურესად კრიტიკულად“ აფასებენ „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლებისთვის („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“) იმ საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვების დავალდებულებას, რომელშიც „უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისგან, ასევე ღირსების შემლახავი, არეთიკური შინააარსის რეკლამის გამოყენებისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით, იმავე შინაარსის საარჩევნო ბანერების განთავსება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც მძაფრად გააკრიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო გაააქტიურა და მაუწყებლებს ვიდეორგოლის ეთერში განთავსება მოსთხოვა.

კრიტიკული ტელევიზიები – „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ – უარს ამბობენ მის გაშვებაზე, პროსამთავრობო ტელევიზიებმა – „იმედმა“, „პოსტვ-მ“ და „რუსთავი 2-მა“ -ის ეთერში უკვე გაუშვეს. ვიდეორგოლი გაუშვა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი პარტია თავის საარჩევნო კამპანიაში უკიდურესად მიუღებელ ხრიკებს მიმართავს და კონკრეტული ჯგუფების მიმართ ძალადობას აღვივებს. სექტემბრის თვეში, მმართველმა პარტიამ მაუწყებლებს ასევე მოსთხოვა საარჩევნო რეკლამის განთავსება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები, უკიდურესად არაეთიკურ და არაკეთილსინდისიერ კონტექსტში არიან წარმოჩენილნი. რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარისთვის, კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული მაუწყებლები უსამართლოდ დააჯარმა.

სოლიდარობას ვუცხადებთ მაუწყებლებს, რომლებიც მოსალოდნელი სოლიდური ფინანსური ჯარიმების მიუხედავად, ეთერში არ უშვებენ დისკრიმინაციულ ვიდეორგოლებს და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისგან, ასევე ღირსებისშემლახავი, არეთიკური შინააარსის რეკლამის გამოყენებისგან. აგრეთვე, მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის პროპაგანდის ინსტრუმენტი”, – ნათქვამია განცხადებაში.


5 ოქტომბერს „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ ერთობლივად განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ ტელევიზიებისგან ბანერების ეთერში გაშვებას მოითხოვს.

ტელეკომპანიების განცადებით, „მიუხედავად მოსალოდნელი მძიმე ჯარიმებისა, კრიტიკული არხები არ აპირებენ, ხელი შეუწყონ  „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას და უარს ამბობენ „ამორალური“ ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც „ოცნებას“ ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი“.