TI: გაშიშვლების უკანონო პრაქტიკა საქართველოში - როგორ ამცირებენ ადამიანებს დაკავებისას

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაკავების დროს გაშიშვლების პრაქტიკაზე ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში მიმოხილულია საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკა და კონკრეტული ისტორიები.

„2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოს არაერთი მოქალაქე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არაერთი მათგანის უფლებები დაირღვა მაშინ, როცა ისინი სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ – ანუ დაკავებულები იყვნენ. ადამიანების ცემას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ასევე სისტემური ხასიათი აქვს მშვიდობიან აქციებში მონაწილე პირების მიმართ დამამცირებელი მოყრობის კიდევ ერთ ფორმას – იზოლატორებში გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთების იძულებას, მათ შორის ქალების მიმართ. ადამიანები თავს იკავებენ ამ პრობლემაზე საჯაროდ საუბრისგან, თუმცა იმ პირების ნაამბობდიდან, რომლებმაც საჯაროდ გადაწყვიტეს საუბარი, ნათელია, რომ დაკავებულების მიმართ ასეთ მოპყრობას სისტემური ხასიათი აქვს.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით გაშიშვლების ფორმები და წესები

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) განმარტებით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ადამიანების სრულად გაშიშვლების პრობლემაზე იყო საუბარი, საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დადგენილება მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სთხოვს „გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს“.

ჩხრეკის უკანონო და დამამცირებელ პრაქტიკად არის შეფასებული Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხეულის სრული გაშიშვლების იძულება. სრულად გაშიშვლების თაობაზე არაერთი დარღვევა აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც, მითუმეტეს გაშიშვლებას თან ახლავს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქცევა, ასეთი ქცევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.

ამ პრინციპების საპირისპიროდ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ერთ-ერთი დაკავებული პირის სრულად გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების იძულებას ეხებოდა, განაცხადა, რომ „ნებისმიერ დაწესებულებაში როცა ხდება ადამიანის შესახლება, გაშიშვლება სავალდებულოა“.

აღნიშნულ პრობლემაზე ღიად და ხმამაღლა საუბრის დაწყების მოტივაცია სხვა ადამიანებისათვის დაკავებაში ყოფნის და მსგავსი პროცესის გავლის შემსუბუქება იყო. ამ ბლოგში მოგიყვებით იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს გზა გამოიარეს და სისტემის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ. ეს სია არასრულია, რადგან დაკავებულების ნაწილს არ სურს ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი.

გაშიშვლების ტენდენციები ქართული მართლმსაჯულების სისტემაში

ძირითადი პრაქტიკა პირების გაშიშვლებასთან დაკავშირებით შემდეგია: როდესაც პირს აკავებენ მისი ჩხრეკის დროს ხდება მისი სრული გაშიშვლება, მათ შორის დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც გაშიშვლება ხდება დამამცირებელი და ღირსების შემლახველი კომენტარების თანხლებით. გაშიშვლებას უმეტეს შემთხვევაში თან სდევს ხოლმე ბუქნების გაკეთების მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტის თანახმად გაშიშვლება უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე და არა ერთდროულად, არამედ ეტაპობრივად კონკრეტული ზონების გაშიშვლებით, საქართველოში დაკავებულ პირებს ერთდროუალად სრულად აშიშვლებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც სრულად გაშიშვლების პრაქტიკა გამოიყენეს პირის სახლის ჩხრეკის დროს, როდესაც ის დაკავებული საერთოდ არ იყო.

კონკრეტული ისტორიები გაშიშვლების პრაქტიკებთან დაკავშირებით:

  1. გიორგი მამნიაშვილი, ჟურნალისტი

გიორგი მამნიაშვილი „ტვ პირველის” ჟურნალისტია, იგი 2025 წლის 22 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას შსს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. მისი ადვოკატის ცნობით, გიორგი იზოლატორში სრულად გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს. დაკავებული ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობას, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს.

2. 75 წლის გურამ ქუხილავა 2025 წლის 3 ნოემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ის რუსთაველის მეტროსთან შეაჩერეს, დათვალიერების შედეგად ჯიბეში პირბადე აღმოუჩინეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.  მისი თქმით, განყოფილებაში გააშიშვლეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ოქმზე ხელი მოაწერინეს და გამოუშვეს.

ის გათავისუფლების შემდეგ ონლაინ მედია „პუბლიკასთან“ ინტერვიუშვი ყვებოდა„რუსთაველის მეტროსთან დამაკავეს. დაკავება არ იყო ეს. ვერავინ, ვერც ახალგაზრდამ და ვერც ძველგაზრდამ კადრი ვერ გადაიღო. წამართვეს ტელეფონი და ვერაფერი მოვასწარი. 75 წლის კაცს ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს… ამ საღამოს გამოვალ რუსთაველზე და დავწერ ბანერზე. ისე ცუდად გავხდი წუხელ, რას მელაპარაკებოდნენ და რას მიშვებოდნენ… ყველაფერს დეტალებში ვერ მოვყვები, ისედაც სირცხვილია ჩემი მხრიდან, მაგაზე მე რომ ვილაპარაკო. წამიკითხეს იქ რაღაცა, დამათვალიერეს, გამხადეს, როგორ აგიხსნათ, გამაშიშვლეს. პოლიცია პოლიციას არ ჰგავდა, შეურაცხყოფა, ყველაფერი, რაც შეიძლება, იყოს… მოვაწერე ხელი და გამომიშვეს.“

3. ლიკა ბასილაია-შავგულიძე

ლიკა ბასილაია 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციაზე. მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შსს მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა, რომელსაც თავად ლიკა ბასილაია უარყოფდა და განმარტავდა, რომ გამოიყენა მხოლოდ ტერმინი „თავხედები“, რადგან გაბრაზებული იყო ადამიანების უკანონოდ დაკავების და პოლიციელების მხრიდან რუსული საქმის კეთების გამო.

ლიკა ბასილაიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მოყვა, რომ შემოწმების დროს ის გააშიშვლეს.

4. გელა ხასაია – სამოქალაქო აქტივისტი

გელა ხასაია სამოქალაქო აქტივისტი და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრია. იგი აფხაზეთიდანაა. გალში დაიბადა და გაიზარდა. როგორც მისი მეგობრები ყვებიან, გელა, სოხუმის უნივერსიტეტში სწავლის დროსაც ძალიან აქტიური იყო და ყველგან ხმამაღლა ამბობდა, რომ „აფხაზეთი საქართველოა. მათ შორის კურსელებთანაც. მუშაობდა გიდად და აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს უყვებოდა რუსული ოკუპაციის შესახებ. 2015 წელს მას აფხაზეთის დატოვება მოუწია და ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ თბილისიდან განაგრძო. რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მას სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ, თუმცა ამის გამო არავინ არის დასჯილი.

გელა ხასაია 2025 წლის 30 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახით 4 – დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, საქმეში არ დევს გელა ხასაიას ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოჩანაწერი. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე ხასაიამ და მისმა ადვოკატმა დაკავების გარემოებებსა და ბრალდებულის საპროცესო უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. მათ შორის გელა ხასაიამ მოყვა, რომ ის ორჯერ გააშიშვლეს, სხვადასხვა ოთახში.

5. ნინო დათაშვილი – მასწავლებელი

ნინო დათაშვილი 2025 წლის 20 ივნისს სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მას მანდატურებზე თავდასხმა ედება ბრალად. სინამდვილეში, ნინო დათაშვილი, თავად ადანაშაულებს მანდატურებს მასზე ფიზიკური ძალის გამოყენებაში, რისი დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მან საპატიმროში 4 თვე გაატარა, მისი გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში დამძიმდა.

სასამართლო პროცესზე ნინო დათაშვილი თავისი დაკავების დეტალებს იხსენებდა: „გაჩერებაზე დამხვდნენ, არ გამაცნეს ჩემი უფლებები, ტელეფონი წამგლიჯეს, არ ეცვათ ფორმა, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ვერ მივხვდი, რომ პოლიცია იყო. უფლებები არ გამაცნეს. ტელეფონი მჭირდებოდა, რომ შვილს დავკავშირებოდი. ვნერვიულობდი ბავშვზე და ვთხოვდი ტელეფონს. მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში, დაგარეკინებთო. […]

პოლიციაში რომ გადამიყვანეს, იქაც ძალიან ვთხოვდი, რომ მოეცათ შვილთან ან ადვოკატთან დარეკვის უფლება, ჯერ ერთი ბავშვს რომ არ ენერვიულა – რომ მიკითხავდა, სახლში რომ მივიდოდა და ჯერ ერთი, სახლში ვერ შევიდოდა, იმიტომ, რომ ჩემი უფლებების დაცვა მინდოდა, მაქვს ადვოკატის ყოლის უფლება.

გამაშიშვლეს. მე მინდოდა, ჯერ ადვოკატი მოსულიყო და გავცნობოდი რაღაცებს და მერე მომეწერა რაღაცებზე ხელი. რა სტრესში მამყოფეს, ცინიკური დამოკიდებულება, გზაში არაადამიანურად იქცეოდნენ, რატომ მექცეოდნენ ასე, რას ვაკეთებდი. უბრალოდ ვთხოვდი, რომ შვილთან ან ადვოკატთან დარეკვის უფლება მოეცათ. ერთ-ერთთან.“

6. ლუკა კინწურაშვილი – ცხოველთა უფლებადამცველი

ლუკა კინწურაშვილი 2025 წლის 31 მარტს ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს. მას ტელეგრამ ჩატზე წვდომა და ჩანთის ჩხრეკა მოსთხოვეს. მან კონსულტაციის მიზნით ადვოკატს დაურეკა, რომელმაც სამართალდამცავებს განუმარტა, რომ მალე იქნებოდა ადგილზე, რათა საგამოძიებო მოქმედება მისი თანდასწრებით ჩატარებულიყო. ამის შემდეგ პოლიციელებმა ლუკა კინწურაშვილს ტელეფონი წაართვეს და დააკავეს.

ადვოკატის ცნობით, დაკავების შემდეგ, მას გაშიშვლება ორჯერ აიძულეს, ერთხელ – ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში, ხოლო მეორედ წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლების დროს. გარდა ამისა, კინწურაშვილს არ მიეცა ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში მათთვის უცნობი იყო ლუკას ადგილმდებარეობა.

7. გიორგი ჩიკვაიძე – ბიზნესმენი

გიორგი ჩიკვაიძე 2025 წლის 11 მარტს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ერთ დროს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირს და აქტიურ მხარდამჭერს, ხოლო მოგვიანებით, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულ ბიზნესმენს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ედება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმის მასალები შეისწავლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და ანალიზიც გამოაქვეყნა, სადაც მთავარი კითხვაა: როგორ გარდაიქმნა პოტენციურად სამოქალაქო დავა პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნად.

თავად გიორგი ჩიკვაიძემ ერთ-ერთ პროცესზე განაცხადა: „გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება. 11 მარტს, როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე. რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან, თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება, არის დანაშაულებრივი და არის რუსული. ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!“

8. ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი

ელენე ხოშტარია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „დროას“ ლიდერია. იგი 2025 წლის მარტში რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით მან თავის პირად სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც აღწერდა, რომ მას რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ის ასევე წერდა, რომ განყოფილებაში, პოლიციელებმა, მას შემდეგ, რაც მან თანამშრომლობაზე განაცხადა უარი, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შეუკრეს. შემდეგ ნინო ჩხარტიშვილმა და დავით ბოლოთაშვილმა ყბებზე და კბილებზე მიაყენეს დაზიანება. მისი განმარტებით, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი ეპიზოდი მოხდა დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ასევე მისი ნების საწინააღმდეგოდ, პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით, ისევ უკან შეუკრეს ხელები, ეჭიდავებოდნენ და სრულად გააშიშვლეს.

ელენე ხოშტარია ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, რომელიც სასჯელის სახედ 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოშტარიას ასევე ბრალი აქვს წარდგენილი „საბოტაჟის“, „უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ და „სახელმწიფოს საიდუმლოების წესის დარღვევის“ საფუძვლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

9. ნუცა მახარაძე – სამოქალაქო აქტივისტი

ნუცა მახარაძე სამოქალაქო აქტივისტია. იგი 2025 წლის 12 იანვარს, რესტორან ბაბილოსთან იმყოფებოდა, სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა. იქ შეკრებილი ადამიანები სასამართლოს მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ. იგი პოლიციელის დაუმორჩილებლობის საბაბით დააკავეს. ნუცა გზად დაკავების მანქანაში მყოფმა სხვა დაკავებულმა გააფრთხილა, რომ ადგილზე მიყვანილს აუცილებლად გააშიშვლებდნენ. ესეც მოხდა – ნუცას იზოლატორში სამართალდამცავმა ქალებმა უთხრეს, რომ უნდა გაეხადა. მისი თქმით, სამართალდამცავებს წინასწარ არ შეუმზადებიათ, რომ გააშიშვლებდნენ და ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. გარდა ამისა, მისთვის არც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი განუმარტავთ. ამ ეპიზოდს ნუცა დამამცირებლად და შეურაცხმყოფელად აფასებს.

10. ქრისტინე ბოტკოველი – აქტივისტი

ნენსი ვოლანდი სამოქალაქო აქტივისტი და ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს” დამფუძნებელია. ნენსის შემთხვევა დანარჩენებისგან განსხვავებულია იმით, რომ იგი გააშიშვლეს არა იზოლატორში ან პოლიციის განყოფილებაში, არამედ თავისივე სახლში. მასთან ჩხრეკის მიზნით პოლიცია 2024 წლის 4 დეკემბერს შევიდა და პირადი ჩხრეკის მიზნით გაშიშვლება მოთხოვა. თავად ნენსი ჩხრეკის დროს სრულად გაშიშვლების იძულებას ფსიქოლოგიურ ძალადობად აფასებს.

11. ავთანდილ ტიტვინიძე – პროტესტის მონაწილე

ავთანდილ ტიტვინიძე 2024 წლის 30 ნოემბრის დილით, დაახლოებით 7 საათზე დააკავეს სასტუმრო „მარიოტის“ წინ, რუსთაველის გამზირზე. მცირე მეწარმე გორიდან 2024 წლის 29 ნოემბრის საღამოს პირველად იდგა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, იგი რუსთაველზე საღამოს მივიდა და დილამდე დარჩა. დაკავებისას მას სცემეს. მისი თქმით, ვისაც მოუნდებოდა, ყველა ურტყამდა.

მანქანა, რომელშიც ის პირველად გამოკეტეს, უკვე არაერთი ნაცემი დემონსტრანტის მიერ აღწერილი „საწამებელი მარშუტკა” იყო, სადაც დაკავებულებს ნიღბიანები დაუნდობლად სცემდნენ. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მან იქ გაატარა, უწყვეტად სდიოდა სისხლი ცხვირიდან და ტანჯავდა ძლიერი ტკივილი. მისი თქმით, სამმართველოში თხოვდნენ ხელი მოეწერა რაღაც დოკუმენტებზე, რომელსაც არ აწერდა, რადგან „არც ადვოკატი მიუყვანეს, არც ექიმი, არც დარეკვის უფლება არ მისცეს“. იყო არაერთი მუქარა. უფრო ზუსტად, ავთანდილი ამ ეპიზოდს ესე აღწერს: „თუ ხელს არ აწერთ, ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთო, შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის, ჯერ დამიდგნენ და მიყურებდნენ, მერე მითხრეს გაიხადეო, გავიხადე, ტრუსიკი ჩაიწიეო, ჩავიწიე, მერე ჩაიკუზეო, ჩავიკუზე – რომ მიხვდნენ, რომ არ შემეშინდა, ახლა ჩაიცვიო და დამაბრუნეს უკან.“

12. ნინო ბარძიმაშვილი – მთარგმნელი და მოყვარული მთამსვლელი

ნინო ბარძიმაშვილი 2025 წლის 19 ნოემბერს, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დააკავეს კაკაბაძის ქუჩაზე და 21 ნოემბერს სასამართლომ ორდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის იხსენებს: „გამაფრთხილეს, რომ ძალით გამაშიშვლებდნენ; ჩემით გაშიშვლებას ისევ მორევით გაკეთება მერჩია. თავიდან შეგონებებით შემოდიოდნენ, მერე გადიოდნენ და ქალებს ტოვებდნენ, ეგებ დავთანხმებულიყავი. მერე მოვიდა იზოლატორის უფროსი: „ჩემს მოსვლას ელოდებოდით? რას ეფერებით? დაადეთ ბორკილიო, თქვა და თვითონვე დამადო ბორკილი. მერე კაცები ისევ გავიდნენ და ქალები დარჩნენ“.

  1. ნადიმ ხმალაძე – უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე

ნადიმ ხმალაძე 2023 წელს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს იზოლატორებში სრულად გაშიშვლების რეპრესიულ მეთოდზე საუბარი,  ნადიმ ხმალაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა“თქმა სირცხვილი არ არის! მე არ ვიცოდი თუ ეს არაკანონიერი იყო. მეც გამაშიშვლეს, როცა დამაკავეს მარტის აქციებზე!”

  1. არჩილ მუსელიანცი – სინდისის პატიმარი

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს, თავდაპირველად ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ უკვე სისხლის სამართლის წესით. ის დღემდე პატიმრობაშია, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ერთ-ერთ პროცესზე მან მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოში ყოველი ეტაპირების წინ და შემდეგაც, აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ – “ყოველი ეტაპირების დროს სასამართლოში და სასამართლოდან, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება[…]”.

  1. ანტონ ჩეჩინი – სინდისის პატიმარი

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების „შეძენა-შენახვა“ ედება და სასჯელის სახით 8.5-წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი საქმე შეისწავლა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც არაერთ დარღვევაზე არის საუბარი.

ანტონ ჩეჩინი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ ორმა პიროვნებამ „საწყობის მსგავს“, მცირე ზომის კაბინეტში შეიყვანა. ორივე მათგანს ეკეთა პირბადე და ხელთათმანი. ანტონის ადვოკატის თქმით, ანტონს განუმარტეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა შეემოწმებინათ პირის ღრუ. ამის შემდეგ იგი თითქმის სრულად გააშიშვლეს, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა ხელთათმანის გამოყენებით შეამოწმა ანტონის პირის ღრუ.