ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2024 წლის არჩევნებისთვის - TI-ის შუალედური ანგარიში

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2024 წლის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, „როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“, მნიშვნელოვან  პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის.

TI-ის ცნობით, მთავარ გამოწვევებს შორისაა:

  • გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო გარემოზე „რუსული კანონის“ ნეგატიური გავლენა;
  • ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების კომისიის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მაუწყებლების შევიწროებისთვის გამოყენება;
  • ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და მათი არაეფექტური გამოძიება;
  • ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება;
  • მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები“.

ორგანიზაცია ამბობს, რომ „წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებისადმი ლოიალობით თავი გამოიჩინეს ე.წ. „დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა“ – ანტიკორუფციულმა ბიურომ და კომუნიკაციების კომისიამ.

„ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო გადაწყვეტილება: 2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა გამოსცა გადაწყვეტილება სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის – ეკა გიგაურის მიმართ, რომლითაც ორგანიზაციაც და მისი ხელმძღვანელიც ცნობილ იქნენ „განცხადებული საარჩევნო მიზნების“ მქონე სუბიექტებად. თავის გადაწყვეტილებაში ბიუროს უფროსმა არსებითად გადააკეთა ორგანული კანონის ნორმები, რადგან ფაქტობრივი გარემოებები მას ასეთი გადაწყვეტილების შესაძლებლობას არ აძლევდა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის საჯარო დავალებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა თავისი გადაწყვეტილება გააუქმა. ამის მიუხედავად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმიანობას წინასაარჩევნო პერიოდში ხელი მაინც შეეშალა, რადგან ორგანიზაცია, იმის ნაცვლად, რომ სადამკვირვებლო მისიის საკითხებზე მუშაობით ყოფილიყო დაკავებული, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო კონცენტრირებული.

კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროვება: აგვისტოდან დაწყებული, სექტემბრის და ოქტომბრის განმავლობაშიკომუნიკაციების კომისიამ, სხვადასხვა მოტივებით, არაერთხელ სცნო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლები – „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „პირველი“ სამართალდამრღვევებად, რასაც შედეგად სასამართლოების მიერ აღნიშნულ მაუწყებლებზე საკმაოდ მძიმე ჯარიმების დაკისრება მოჰყვა. კომისიის რეპრესიული გადაწყვეტილებების მიზეზი გახდა სარეკლამო ვიდეო რგოლების მეშვეობით ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობა; „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ასახვა; „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამის განუთავსებლობა, რომელშიც არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები; აღნიშნული მაუწყებლების უარი „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი სარეკლამო რგოლის განთავსებაზე, რომელშიც მმართველი პარტია უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებდა და რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების განადგურებას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა; პარტიისთვის „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და სხვ.“ – წერია ანგარიშში.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.