TI: ხელისუფლებამ იუსტიციის სახლის ფართი ბათუმში „ოცნების” შემწირველი ბიზნესმენისგან იქირავა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში „ოცნების” შემწირველი ბიზნესმენისგან იქირავა.

TI-ის ცნობით, გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. ჭყონია ასევე იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში – მმართველმა პარტიამ ის ქობულეთის დელეგატად დაასახელა.

ის ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს  კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს.

გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – Შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე”  აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღო  335,638,719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შეწირეს 1,394,000 ლარი.

შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან

შპს „გზამ” 30 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 9,589,953 ლარი და  მოგებული 95 ტენდერიდან 325,765,401 ლარი.

ამ შემოსავლების 67% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. შპს „ბათუმი ცენტრალმა”  (ყოფილი შპს „GEORGIA INN”)  10 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 17,430 ლარის შემოსავალი.

შპს „შატო კვირიკემ” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”) 220,286 ლარი მიიღო 36 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან და 45,649 ლარი 2 მოგებული ტენდერიდან, საიდანაც 1 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ და 1 კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად.

გადაცემული ქონება და მხარდაჭერა „აწარმოე საქართველოდან” TI-ის მოკვლევით, შპს „შატო კვირიკეს” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”), რომლის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ქობულეთის მუნიციპაილტეტში, სოფელ კვირიკეს მიმდებარედ, 26,870 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სახელმწიფო ტყის ფონდი), 2020 წლის 17 იანვარს, სარგებლობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა.

შპს „ნექსთ ქოლექშენმა” (ყოფილი შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ” შპს „თაუერ ჯგუფი გრინ რეზიდენსი”), რომლის 50% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე 20,366 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 დანგრეული შენობა-ნაგებობა 2017 წლის 6 ოქტომბერს იყიდა სახელმწიფოსგან (ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული პირობიანი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე).

ბანკმა „ქართუმ” 2020 წლის 4 მარტს უძრავი ქონების ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან მიიღო მცხეთაში მდებარე 34,492 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2021 წლის 7 მაისს მიყიდა გიორგი ჭყონიას, მან აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2023 წლის 11 ივლისს საკუთრებაში არსებულ და მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „შალე კვირიკემ”, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, 5 მილიონი ლარის თანადაფინანსება მიიღო „აწარმოე საქართველოდან”. რამდენიმე წლის წინ სწორედ „აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით გაიხსნა „შატო კვირიკეს” კომპლექსი, რომელიც ასევე გიორგი ჭყონიას საკუთრებაა.

TI აღნიშნავს, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოს” მათთვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია რომ მოეწოდებინა, რომელიც მათ მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებულ პროექტებს ეხებოდა, შესაძლებელია გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებული კომპანიების სხვა საბიუჯეტო დაფინანსებების შესახებაც მიეღოთ ცნობები.

საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ გიორგი ჭყონიას ბიზნესპარტნიორია “ქართუ ჯგუფის” იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, ალა კახნიაური. მათ ერთობლივად შექმნეს კომპანიები – შპს „კრიპტომ ჰოუმი” და შპს „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტი”.

მბრუნავი კარი – ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ჭყონიას კომპანიაში

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელსაც უფლებამოსილება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე  ბრალის წარდგენის გამო შეუწყდა, სასჯელის მოხდიდან დღემდე შპს „თაუერ ჯორჯიას” დირექტორია. ამ კომპანიის  100% წილს ფლობს შპს „ბათუმი ცენტრალი”, ხოლო, თავის მხრივ, შპს „ბათუმი ცენტრალის” 45% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, 55% წილს კი Შპს „გზა”.  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Შპს „გზას” 100% წილის მფლობელი თავად გიორგი ჭყონიაა.

თენგიზ პეტრიძე ვიცე-მერად დანიშვნამდე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ და შემდეგ უფროსად მუშაობდა. ის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის დროს თითქმის მუდმივად იყო სატენდერო კომისიის წევრი, რა დროსაც გიორგი ჭყონიას კუთვნილმა კომპანიამ, Შპს „გზამ” მოიგო 15,576,976 ლარის ტენდერი. თითოეულ ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებას თავისი ხელმოწერით ადასტურებს თენგიზ პეტრიძე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი. ეს ყველაფერი  ე.წ „მბრუნავი კარის” ნათელი მაგალითია.

უნებართვო მშენებლობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე

გიორგი ჭყონიამ ლუკა ასათიანის #21-ში, ბათუმის მერიის შენობიდან 100 მეტრის მოშორებით, კუთვნილ საცხოვრებელ ფართს ახალი სართული იმგვარად დააშენა, რომ კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არ აუღია (შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაშია, შესაბამისად, ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ფასადს ეხება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა სჭირდება).

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა უნებართვოდ ჩათვალა, მშენებელი დააჯარიმა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი) მოთხოვა. ამის მიუხედავად, ბიზნესმენმა გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები, ინსპექციის ჯარიმა და მითითება კი სასამართლოში გაასაჩივრა. კანონმდებლობის თანახმად, ინსპექციის დადგენილება ძალაში ვერ შევა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

TI მიუთითებს, რომ გიორგი ჭყონიას კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული 250 მილიონ ლარზე მეტი, სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში მიღებული 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება, მისი და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ მმართველი პარტიის და მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ გაღებული მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილ ვიცე-მერთან ურთიერთობები, პრივილეგირებული მდგომარეობის და შესაძლო კორუფციული გარიგებების მაჩვენებელია.

აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლონ მათ მიერ მოკვლეული ფაქტები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.