TI: ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემით საქართველომ 2 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დაკარგა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემის გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი დაკარგა.

ორგანიზაციის განცხადებით, რამდენიმე წელია, რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის იდეაზე მიდის მუშაობა, რისთვისაც საერთაშორისო ფონდებიდან თითო ჰექტარზე 45 აშშ დოლარი გამოიყო.

„რაჭის შემთხვევაში, საუბარი იყო მინიმუმ 46,972 ჰექტარზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,113,740 აშშ დოლარი, და მაქსიმუმ – 65,761 ჰექტარ ტერიტორიაზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,959,245 აშშ დოლარი. დაფინანსება დაცული ტერიტორიის შექმნიდან პირველი 5 წლის განმავლობაში გამოიყოფა და ხმარდება ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურასა და თანამშრომლების ანაზღაურების დაფარვას.

18 ივლისს, დავით ხიდაშელთან გარიგების შესახებ საგამოძიებო სიუჟეტის ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასვლიდან 2 დღეში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ რაჭაში 50,894 ჰექტარზე შეიქმნებოდა დაცული ტერიტორია. ამ ზომის დაცული ტერიტორია CNF-ისგან 2,290,230 აშშ დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს.

თუმცა, რჩება 14,867 ჰექტარი, რაზეც დამატებით შეიძლებოდა დაცული ტერიტორიის გავრცელება, რა შემთხვევაშიც დაფინანსება 619,757 აშშ დოლარით, ანუ დაახლოებით 2,057,593 ლარით გაიზრდებოდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ტერიტორია დავით ხიდაშელის სამონადირეო მეურნეობის ნაწილი იქნება, რაშიც ის 13-ჯერ უფრო ნაკლებს გადაიხდის“, – ნათქვამია ანგარიშში.

„გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ ხიდაშელთან მთავრობის გარიგება ელიტური კორუფციის მაგალითია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ.

ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგრაფების“ საქმეში მმართველი პარტიისთვის სამსახურის გაწევად შეიძლება შეფასდეს; ამ საქმის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზება.

რაც შეეხება სარგებლის მიღებას, როგორც აღმოჩნდა, „კარტოგრაფების“ საქმის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ დავით ხიდაშელის სასარგებლოდ იმგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელმაც სახელმწიფოს კონკრეტული ფინანსური ზიანი მოუტანა“, – აცხადებს ორგანზიაცია.