„საერთაშორისო გამჭვირვალობის“(TI) ბერლინის სამდივნო „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) ახალ შედეგებს აქვეყნებს.
2019 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველო 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთსან და ლატვიასთან.
რეიტინგში, რომელშიც 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და მისი შედეგი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა.
TI წერს, რომ თავად ორქულიანი ცვლილება უმნიშვნელოა, თუმცა საქართველომ პროგრესი შეანელა, მაშინ როცა ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები (შესაბამისად, შვიდი და ხუთი ქულით).
„საქართველო კვლავაც პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა აღსანიშნავია ბოლო წლებში ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს“, – წერს TI.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, გასული წლის კვლევით, რეგიონში მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია კერძო სუბიექტების ხელში. უშუალოდ საქართველოში, პოლიტიკური კეთილსინდისიერებისთვის კვლავ ძირითადი გამოწვევაა საკვანძო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი გავლენა.
„2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული:
- ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში
- კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში
- სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება
- მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე
- დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა“ – წერს TI.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის გაუმჯობესებისთვის, საქართველომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობის უზრუნველყოფა;
- ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება;
- სამართალდამცავი ორგანოების დაცვა არაჯეროვანი პოლიტიკური ზეგავლენისგან
- თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა
- ქმედითი რეაგირება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების დარღვევებზე
- ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებული აზრის მქონე სხვა ჯგუფებზე თავდასხმების შეწყვეტა
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიების შეწყვეტა
- კორუფციის (მათ შორის მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი მექანიზმის – დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიხედვით, 2019 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (87 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი – სომალიში (9 ქულა).
„კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
2019 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, – წერს TI.