TI-მ ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა

პუბლიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” -ს განცხადებით მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრეს.

მათი თქმით, საჩივრები დაიწერა საოლქო კომისიების უმრავლესობაში, კერძოდ 30-დან სულ 19 ოლქში, საიდანაც:

60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოვითხოვეთ, რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის;

მარნეულის #13.22.65 უბანში კი შედეგის გაბათილება მოვითხოვეთ, რადგან ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულებით  დასტურდება გაყალბების, კერძოდ კი ერთი და იგივე პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემის ფაქტი – ამ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაცია ასევე გეგმავს გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.

☑ ორგანიზაციამ ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 2 500-მდე უბნის პროპორციული ოქმების შედეგები შეამოწმა, მათ შორისაა თბილისის ყველა და რეგიონების ყოველი მეორე საარჩევნო უბანი.
☑ შესაბამისი საჩივრები 2 ნოემბერს, გასაჩივრების ვადების დაცვით 19-ვე საოლქო კომისიას ჩაბარდა.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრები 2 კალენდარული დღის ვადაში უნდა განიხილონ. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.