TI-მ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის რეკომენდაციები მოამზადა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ რეკომენდაციები მოამზადა საპარლამენტო კონტროლის გასაძლიერებლად.

საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებთ, უსაფრთხოების სამსახურებზე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

TI-ის განცხადებით, უსაფრთხობის სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ თავის გეგმაში მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება ასახა, რაც არასაკმარისია ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად.

ორგანიზაციის შეფასებით, ამ მოთხოვნების სრულფასოვნად შესრულება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის, რათა არ დაბრკოლდეს ევროინტეგრაციის პროცესში და ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

„ევროკომისიის მოთხოვნების საპასუხოდ მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ გადაჭრის საპარლამენტო კონტროლის გამოწვევებს.
უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი ზედამხედველობისათვის პარლამენტის მაკონტროლებელ სტრუქტურას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი და უფლებამოსილება. ოპოზიციის როლი კონტროლის პროცესში ფორმალური ხასიათისაა.

უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისათვის მიზანშეწონილია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზირებული სტრუქტურა (ცალკე კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით) და შემადგენლობა განისაზღვროს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად;
  • ამ სტრუქტურას უნდა ხელმძღვანელობდეს ოპოზიციის წარმომადგენელი და მის წევრებს სრული დაშვება ჰქონდეთ სახელმწიფო საიდუმლოებაზე;
  • სპეციალიზებული სტრუქტურის მაკონტროლებელი მანდატი უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ყველა სფეროს;
  • სპეციალიზებულ სტრუქტურასთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარადგინა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება. წინადადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.“, – აცხადებს TI.