TI: მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ივანიშვილის მმართველობა ემყარება კორუფციულ ჯგუფს

პუბლიკა

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელიც კორუფციის მკვლევარი ორგანიზაციაა, აცხადებს, რომ 2025 წლის ბოლოს კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

TI-ის შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა.

„ასეთ ქვეყნებში მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და მოტივაცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი, თავის მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება.

მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ემყარება კორუფციაში ჩართულ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც ის აძლევს კორუფციის გზით გამდიდრების საშუალებას და შემდეგ იყენებს მათ სახელმწიფო ინსტიტუტების დამორჩილებისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

შესაბამისად, სამომავლოდ, კორუფციის და მისგან გამოწვეული ზიანის ზრდას უნდა ველოდეთ“. – წერს ორგანიზაცია და აცხადებს, რომ კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული გამოწვევები შემდეგნაირად გამოიყურება:

სახელმწიფოს მიტაცების პროცესი დასრულებულია – არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც შეძლებდა კორუფციაზე ღიად საუბარსა და მის წინააღმდეგ რეალურ მოქმედებას.

ყალიბდება კლეპტოკრატია – ელიტური კორუფციის დოკუმენტირებული შემთხვევების რაოდენობა, შინაარსი და ფიგურანტების ვინაობა მიანიშნებს მაღალი დონის კორუფციის სისტემურ ხასიათზე.

მიმდინარეობს კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლა – საგამოძიებო ორგანოები ემსახურებიან მმართველი პარტიის შიდა დაპირისპირებებს და გარჩევებს, მაშინ, როდესაც ელიტური კორუფციის ასობით დოკუმენტირებული შემთხვევა ისევ თაროზეა შემოდებული.

უქმდება ანტიკორუფციული ბიურო – სულ რაღაც 3 წლის წინ კორუფციის პრევენციის მიზნით შექმნილი უწყება კორუფციასთან ბრძოლის მაგივრად არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ რესპრესიულ მექანიზმად გადაიქცა. ახლა კი ის უქმდება, და ტოვებს გაუარსებულ მდგომარეობას ყველა მისი ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის მიმართულებით: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმებში ჩართვა, მამხილებელთა დაცვა, ინტერესთა შეუთავსებლობის კონტროლი.

იგნორირებულია კორუფციასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები და რეკომენდაციები – 1. საქართველო დემონსტრაციულად ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ანტი-კორუფციულ მოთხოვნებს; 2. იგივე მდგომარეობაა GRECO-ს ანტიკორუფციული მოთხოვნების შემთხვევაში; 3. ქვეყანა გამოეთიშა მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ საერთაშორისო პროცესებს, როგორიცაა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის შეფასება და „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP).

ქვეყანას მე-5 წელია არ აქვს ანტიკორუფციული ეროვნული სტრატეგია – სხვა სიტყვებით, უკვე 5 წელზე მეტია, არავის სახელმწიფო დაწესებულებების დონეზე არ უფიქრია რა კორუფციული რისკები არსებობს სახელმწიფოში, სად არის ეს რისკები მომეტებული და რა უნდა გაკეთდეს მათ შესამცირებლად.

კანონის დონეზე აიკრძალა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან – სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც კორუფციასთან, განსაკუთრებით კი ელიტურ კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის განუყოფელი ნაწილია, იდევნება და განადგურების პირასაა მიყვანილი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო დონეზეა გაუქმებული, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება  კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციას.

„იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, ქვეყანაში უნდა აღდგეს დემოკრატიული წყობა და დაიწყოს დამოუკიდებელი ინსტიტუციების მშენებლობის რეალური პროცესი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს ამ მიზნისთვის მუშაობას“. – წერს ორგანიზაციას.