TI: მმართველი პარტია საფრთხედ აღიქვამს კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და საგანგაშოდ მიიჩნევს დედაქალაქის მერის და მმართვალი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას მიერ „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის დაწყების მოთხოვნას, რასაც, შესაძლოა, ტელევიზიის კუთვნილი ანგარიშების დაყადაღება მოჰყვეს.

ორგანიზაციის თქმით, აღსრულების დაწყების მოთხოვნა დროში ემთხვევა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის ფუნქციონირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ეს არ არის საქართველოში კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიის მსგავსი დევნის პირველი შემთხვევა.

ბოლო წლების განმავლობაში, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული (ე.წ. SLAPP) სარჩელების გააქტიურება და მათთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მოთხოვნა ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ქვეყანაში, სადაც სასამართლო მიტაცებულია და მოსამართლეთა კლანის ხელშია, დამოუკიდებელ მედიაზე კოორდინირებული შეტევების, მათი დაშინებისა და ფინანსური დასუსტების მკაფიო ილუსტრირებას წარმოადგენს.

აღნიშნულ ფაქტებს ემატება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დაშინების გამოუძიებელი შემთხვევები და რუსული კანონის მიღებაც, რაც ერთობლიობაში სახელისუფლებო შტოების მხრიდან მედიის დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საგანგაშო ფაქტს წარმოადგენს.

ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშნველოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ, აღნიშნული ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია საფრთხედ აღიქვამს კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას. იგი გააგრძელებს სხვადასხვა ხელოვნური, მათ შორის, ფინანსური ბარიერების შექმნის გზით, ხელი შეუშალოს მათ გამართულ ფუნქციონირებას. ყოველივე კი, კიდევ უფრო დაამძიმებს ჟურნალისტებისთვის ისედაც უკვე დაძაბულ გარემოს და გაართულებს მათ საქმიანობას, რაც საბოლოო ჯამში, გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა, რომელმაც „ტვ პირველს” გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

აღსრულების მოთხოვნის საფუძველი „მაია მამულაშვილის ქეისზე” სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებაა – 2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია „ტვ პირველისა” და ამ არხის გადაცემა „დღის ამბების” მაშინდელი წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაავალა.

მაშინ თბილისის მერის წარმომადგენელმა თქვა, რომ 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

გარდა ამისა, „ტვ პირველს” დღეს მეორე სააღსრულებლო დოკუმენტიც ჩაბარდა – პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია „ტვ პირველის” წინააღმდეგ.

საქმე ეხება 2022 წლის 17 იანვარს „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო სამუშაოებისას. სწორედ ამ სიუჟეტის გამო უჩივლა ფაცაციამ „ტვ პირველს”.

მოსამართლემ ტელეკომპანიას გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.

როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, დაკისრებული თანხის გადასახდელად შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაა განსაზღვრული. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზია ჯარიმას არ გადაიხდის, მაშინ ტელეკომპანიის ქონება დაყადაღდება და ერთ თვეში იძულებითი აუქციონი ჩარტარდება.