TI: მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს უხამსობის რეგულირებაზე კანონს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ვეტო  დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო ცვლილებებს, რომლებიც, TI-ის შეფასებით, აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ ისედაც გაუარესებულ სტანდარტს, მაუწყებლებზე ზემოქმედების დამატებით რისკს ქმნის და კრიტიკული მედიის ცენზურისა და დასჯის საფრთხეს შეიცავს.

 „სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება რისკის შემცველია კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების, ძლიერი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების არარსებობისა და სასამართლო სისტემისადმი დაბალი ნდობის ფონზე“, – ნათქვამია შეფასებაში.

TI-ის შეფასებით, კანონპროექტის განხილვის პროცესი არ იყო ინკლუზიური.

„ინიცირების შემდეგ, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიღებისას, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. თუკი პროექტის თავდაპირველი ვერსია მხოლოდ სიძულვილის ენის რეგულირებას შეეხებოდა, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტს დაემატა უხამსობის რეგულირების საკითხის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი ევროდირექტივების შესრულების არგუმენტით, ცვლილებებს დაჩქარებულად და არაინკლუზიურად განიხილავს და იღებს“, – ნათქვამია შეფასებაში.

 

TI შეფასებაში წერს, რომ კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის განხილვის პარალელურად, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული ქმედება ფართო დისკუსიის თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული.

 

„საქართველოს პარლამენტისა და უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის კარგადაა ცნობილი აღნიშნულ საკითხებზე მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია.

სიძულვილის ენის რეგულირების სფეროში გადატანის ინიციტივით პარლამენტი  არაერთხელ გამოვიდა, თუმცა  ვერცერთხელ ვერ მიაღწია შეთანხმებას მედიასთან და იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც მედიის თავისუფლების თემებზე მუშაობენ.

საგულისხმოა ისიც, რომ მედიის ადვოკატირების კოალიციამ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს  შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმის შესახებ, თუმცა მმართველმა პარტიამ ეს შეთავაზება არ გაიზიარა.

ყოველ ჯერზე სიძულვილის ენის რეგულირების სფეროში გადატანის საკითხი ფართო დისკუსიის საგანი ხდებოდა“, – ნათქვამია შეფასებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადატანის შემდეგ, კომისიას ექნება უფლებამოსილება, საკუთარ ინიციატივით და/ან დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე განიხილოს საკითხი და მაუწყებელს დაუწესოს სანქციები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სძლვილის ენის საკითხის განხილვა კომისიას მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც დაინტერესებული პირი თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას კომისიაში გაასაჩივრებს.

TI-ის შეფასებით, აღნიშნული კანონი ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში დაშვებულია სიძულვილის ენის და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება და იგი შესაძლოა სადამსჯელო ბერკეტად იქცეს, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებები არ უნდა მიიღებოდეს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისა და ფართო ჩართულობის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ“, – ნათქვამია შეფასებაში.