15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ ცესკოს წევრისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს განსაზღვრავს.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“(TI) შეფასებით, ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების (ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმება”) შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა.
„ამ ქმედებით ქვეყანაში გაღრმავდება პოლიტიკური პოლარიზება და კიდევ უფრო შემცირდება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება“, – წერს TI.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტში გაწერილი „პროცედურა იმდენად ამარტივებს ცესკოს წევრობის კანდიდატის არჩევას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კარგავს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების ყოველგვარ მოტივაციას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეს ნაწილი ბოლომდე უფასურდება. TI-ის განცხადებით, ამის გამო, ფაქტობრივად, უქმდება აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი, რასაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა უნდა გაეზარდა“.
„მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტის მიღებაზე და ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და წევრები აირჩიოს საპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგსა და ფართო კონსესუსზე დაფუძნებული პრინციპით, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს“, – წერს TI.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. პარლამენტში კომიტეტზე გამოსვლის დროს მომხსენებელმა, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარე და ორი წევრი არჩეული არიან 6 თვით და მათ უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ 2022 წლის თებერვლის დასაწყისში.
ამჟამად მოქმედი წესის პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკომ პარლამენტის 2022 წლის შუალედური არჩევნები დანიშნოს რუსთავში და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები განახორციელოს თავმჯდომარისა და ცალკეულ პროფესიულ წევრთა არარსებობის პირობებში, რაც არ არის მიზანშეწონილი და არღვევს ცესკოს, როგორც ინსტიტუტის, ჯეროვანი ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპს.
განმარტებითი ბარათის მიეხდვით, სწორედ ამ საკითხებმა განაპირობა კოდექსში ცვლილების განხორციელება, რომელიც ახლებურად აწესრიგებს შემდეგ საკითხს, თუ ცესკოს წევრის და ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით გამართული კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, დაუყოვნებლივ ხელახლა ეყრება კენჭი.
ხელახალი კენჭისყრისას კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს.