TI პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი

პუბლიკა

„გამჭირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის წევრთა არჩევის პროცედურაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტს ბორდში 3 ახალი წევრის ასარჩევად 4 კანდიდატურა წარედგინება. უმრავლესობის კვოტით დასახლდა გია მურღულიას კანდიდატურა, უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა კი 3 კანდიდატი დაარეგისტრირეს – დოდო შონავა, ბონდო მძინარაშვილი და ზაზა აბაშიძე.

„გამჭირვალობა საქართველოს“ განცხადებით, სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს. შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, „ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა“ უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში – არანაკლებ 9.

„პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი სამეურვეო საბჭოს სამი ახალი წევრის შერჩევას ისახავს მიზნად. სამეურვეო საბჭოში სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ნინია კაკაბაძეს  უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

შესაბამისად, ახლა მეურვეების კვოტები ასე ნაწილდება: 1 უმრავლესობამ და 2  – უმრავლესობის გარეთ მყოფმა პარლამენტის წევრებმა უნდა შეარჩიონ წარდგენილი კანდიდატებიდან. მათ მიერ შერჩეული კანდიდატები კი შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს. შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე სულ 9 კანდიდატურა მონაწილეობდა, ხოლო გასაუბრებაზე მათგანი გამოცხადდა. კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს   8 პირის სია წარუდგინა. პარლამენტი დღეს, 29 ივნისს, აპირებს, კენჭი უყაროს მეურვეების არჩევის საკითხს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, პარლამენტი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას და კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებასაც პარლამენტი კანონით განსაზღვრული კვოტების შესაბამისად იღებს.

არსებულ ვითარებაში მოვუწოდებთ პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.