არასამთავრობა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებით ეხმაურება პარლამენტში დღეს განხილულ პროპორციული არჩევნების საკითხს.
„მთელი დღის განმავლობაში საზოგადოება უცნაური პროცესების მომსწრე გახდა. დღის პირველ ნახევარში „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მან და 30-დან 40-მდე მაჟორიტარმა დეპუტატმა ამ ინიციატივას შეიძლება მხარი არ დაუჭიროს. მოგვიანებით პროექტის განხილვის დროს „ქართული ოცნების” კიდევ ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ კენჭისყრაზე საკითხის გატანამდე უმრავლესობის სხდომის ჩატარება და პროექტის კიდევ ერთხელ განხილვა მოითხოვა. ხუნდაძის მსგავსად უმრავლესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დასვა კრიტიკული კითხვები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მისამართით, მათ შორის ისეთმა დეპუტატებმა, რომლებიც თავად არიან ამ პროექტის ინიციატორები“, – აცხადებს TI
ორგანიზაციის განცხადებით, პროცესების მსგავსი სცენარით განვითარება საზოგადოებაში აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ეს შეგნებულად ხდება, რათა მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით აღარ ჩატარდეს. „ქართულ საზოგადოებაში ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ფართო კონსენსუსი არსებობს – პროპორციულ სისტემაზე გადასვლამ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს“.
TI მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეასრულოს დაპირება, რომელიც რამდენიმე თვის წინ მისცა საზოგადოებას და მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას, რითაც „თავიდან აიცილებს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გამწვავებას“.