TI - რა სარგებელი მოაქვს მაჟორიტარ ბოლქვაძეს ნათესავებისთვის და დაახლოებული პირებისთვის

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აქვეყნებს აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ხულოს, შუახევის, ქედის) მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ეკონომიკური ინტერესების შესახებ მოკვლევას.

ორგანიზაცია წერს, რომ ანზორ ბოლქვაძე 12 წელია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია და ვარაუდობს, რომ სწორედ მოქმედ და წინა ხელისუფლებასთან ახლო კავშირით და, შესაბამისად, გავლენებით უზრუნველყო ბოლქვაძემ ოჯახის, ასევე ნათესავებისა და სხვა დაახლოებული პირების ქონებისა და შემოსავლების მკვეთრი ზრდა სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე:

► მისმა ოჯახმა ამ წლების განმავლობაში დაირეგისტრირა სასტუმროები ბეშუმსა და გოდერძის სამთო კურორტზე, რომელთაც ათეულ ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები ეკუთვნით;

► 2008 წელს მაჟორიტარად არჩევიდან მალევე, მისი შვილი როლანდ ბოლქვაძე აჭარის საგზაო დეპარტამენტში დასაქმდა. ამჟამად იგი ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია;

► დეპუტატის ნათესავების კომპანიებმა: „აისმა”, „ქედემ” და „გიგა 2015”-მა ბოლო 5 წელიწადში ამავე დეპარტამენტიდან და აჭარაში მოქმედი სხვა შემსყიდველი ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 6 მილიონ ლარამდე მიიღეს. ამ კომპანიებისთვის უკონკურენტო გარემოს ხელოვნურად შექმნა, ვფიქრობთ, უნდა გახდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის საფუძველი.

TI წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას ანზორ ბოლქვაძის ოჯახთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების ქონების, კომპანიებისა და ამ კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

სასტუმრო „არსიანი” სამთო კურორტ გოდერძიზე

„არსიანის“ მფლობელები ბოლქვაძის ოჯახის წევრები მას შემდეგ გახდნენ, რაც მისმა პირვანდელმა მეპატრონემ, როლანდ შანთაძემ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა; ეკონომიკის სამინისტრომ შანთაძეს ვალდებულებები ორჯერ გადაუვადა, სანაცვლოდ, მან ქონება გოდერძიზე სრულად გადასცა ბოლქვაძის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიას. ეს წილი ბოლქვაძეს ქონებრივ დეკლარაციაში გაფორმებული არ აქვს.

2017 წელს როლანდ შანთაძე და ანზორ ბოლქვაძე ბიზნესპარტნიორები გახდნენ. 

დაფუძნდა შპს „აისი გოდერძი” – როლანდ შანთაძე და ანზორ ბოლქვაძის შვილი, ნოდარ ბოლქვაძე კიდევ ერთ პირთან, რაინდ შანთაძესთან ერთად, კომპანიის მეწილეები გახდნენ. მოგვიანებით, 2019 წლის 11 იანვარს, ნოდარ ბოლქვაძემ საკუთარი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს აჩუქა. ამის შემდეგ 2019 წლის 30 ივლისს, შანთაძემ ობიექტი სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკში” სესხის ასაღებად იპოთეკით დატვირთა. ამავე ბანკში იპოთეკური სესხი ბოლქვაძეებმაც აიღეს: სასესხო ვალდებულებებით დაიტვირთა ანზორ ბოლქვაძის დედის, სემიე ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებული 194 კვ.მ, 107 კვ.მ და 88 კვ.მ კომერციული ფართები ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 57-ში და 68.9 კვ.მ ორანჟერეა თბილისში, სამტრედიის ქუჩის #50-ში. იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებიდან ერთ თვეში როლანდ შანთაძემ 2016 წელს აუქციონზე შეძენილი მთელი ქონება შპს „აისი გოდერძის” აჩუქა.

რომან ბოლქვაძის კომპანიის სარგებელი აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო უწყებებიდან

კომპანია, რომელიც დიდი ოდენობით სარგებელს იღებს რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციებიდან, „გიგა 2015”-ია.

ორგანიზაცია წერს, რომ რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ შპს „გიგა 2015” აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს. ანზორ ქამადაძის დირექტორობის დროს კომპანიას თუ ერთი ტენდერიდან და ერთი გამარტივებული შესყიდვიდან სულ 52,542 ლარი ჰქონდა მიღებული, რომან ბოლქვაძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, 2016 წლიდან 2020 წლის 1 აპრილის ჩათვლით კომპანიის შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან 73-ჯერ გაიზარდა და მთლიანობაში 3,847,120 ლარი შეადგინა. აქედან, 1,290,493 ლარი (შემოსავლის 33%) უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან მიღებული თანხაა. „გიგა 2015”-მა სულ 79 შესყიდვაში მოიგო.

ამასთან, კომპანიამ ჯამში მიღებული თანხის 84% – 3,252,372 ლარი აჭარის საგზაო დეპარტამენტის 69 შესყიდვიდან მიიღო. ამ დეპარტამენტში, 10 წელია, ანზორ ბოლქვაძის შვილი მუშაობს.

შპს „გიგა 2015”-ის სარგებელი აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერებიდან 2016-2020 წლებში:

ცხრილიდან ჩანს, რომ კომპანიამ 29 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, მათგან 27 შემთხვევაში შემსყიდველი საგზაო დეპარტამენტია, რომლისაგანც კომპანიას 21,945 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვაც აქვს მიღებული. 14 შესყიდვაში კონკურენტები შემსყიდველებს შპს „გიგა 2015”-ზე დაბალ ფასებს სთავაზობდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მათ დისკვალიფიკაცია მისცეს და ამ ტენდერებში შპს „გიგა 2015”-მა გაიმარჯვა.

შპს „აისი

„აისი“ ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და უმეტეს შემთხვევაში, უკონკურენტოდ იმარჯვებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიის მეწილეები ანზორ ბოლქვაძის ნათესავები გახდნენ, „აისი” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. დღემდე კომპანიამ 11 სახელმწიფო შესყიდვიდან 1,148,599 ლარი მიიღო, საიდანაც 773,984 ლარი (შემოსავლის 67%) – 6 უკონკურენტო შესყიდვის პირობებში. კომპანია ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

შპს „აისის” სარგებელი ხულოს მუნიციპალიტეტის და აჭარის საგზაო დეპარტამენტის შესყიდვებიდან:

 

მაჟორიტარის მამიდაშვილის შვილის, არჩილ ქედელიძის კომპანიის სარგებელი აჭარაში მოქმედი საბიუჯეტო უწყებებიდან

არჩილ ქედელიძე შპს ,,ქედეს” 100%-იან წილს მართავს. აღნიშნული კომპანია 2016 წლის აპრილში დაარსდა და მისი დირექტორია არჩილ ქედელიძის ბიძა, ვახტანგ ქედელიძე. ახლად დაარსებულმა კომპანიამ, 2017 წელს, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 95,974.27-ლარიან ტენდერში გაიმარჯვა და სოფელ ზენდიდისა და ცხემნის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაევალა. ამასთან, 2018 წელს, კომპანიამ გაიმარჯვა კიდევ 8 სახელმწიფო შესყიდვაში, რომელთა საერთო ღირებულება 748,794.29 ლარს შეადგენდა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტენდერებიდან, 2-ში შპს ,,ქედე” ერთადერთი მონაწილე იყო – ორივე უკონკურენტო ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 275,242.39 ლარს შეადგენდა, ხულოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა.

დასკვნისა და რეკომენდაციების სახით, ორგანიზაცია „გამჭვირვალობა“ წერს, რომ ბიზნესაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. TI-ის განცხადებით, დეპუტატის ეკონომიკური საქმიანობა განსაკუთრებით თვალშისაცემია იმის ფონზე, რომ ანზორ ბოლქვაძე არ გამოირჩევა აქტიური კანონშემოქმედებითი საქმიანობით.

„ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს, რითაც ათწლეულია სარგებლობს სხვადასხვა მაჟორიტარი – ისინი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობენ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რაც ხშირად სრულდება მათი ახლობლების საჯარო სამსახურებში დასაქმებითა და მათთან დაკავშირებული კომპანიების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით. საბოლოოდ კი საზოგადოება შედეგად იღებს კორუფციის გაზრდილ რისკებსა და ნაკლოვან საჯარო მმართველობას“, – წერს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სუს-ს:

  • ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „აისის”, “ქედესა” და „გიგა 2015”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა;
  • საჯარო სამსახურის ბიუროს, ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით;

ორგანიზაციის მასალას სრულად გაეცანით ბმულზე.