TI: რეგიონებში კორუფციული ფაქტების მოცულობამ 3 მილიარდ 280 მილიონ ლარს გადააჭარბა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოადგენს კორუფციის რუკის განახლებულ ვერსიას, რომელზეც დატანილია თანამდებობის პირებსა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ამ თანხის თითქმის მესამედი – მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი მათ მხოლოდ  2024 წელს დაერიცხათ.

ორგანიზაციის შეფასებით, კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ქვეყანაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიუთითებს, რომ რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:

  • აჭარა: 933 060 894 ლარი
  • სამცხე – ჯავახეთი: 841 145 309 ლარი
  • შიდა ქართლი: 427 245 670 ლარი
  • კახეთი: 442 000 000 ლარი
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი: 500 131 038 ლარი
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი: 138 371 368 ლარი.

„საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ“. – აცხადებს TI. 

ორგანიზაციის მოკვლევით:

აჭარა/933 060 894 ლარი

  1. აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახის წევრების და ნათესავების კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 29,345,422 ლარი მიიღო, მათ შორის 6,390,200 ლარი – უკონკურენტო ტენდერებიდან, 3,575,174 ლარი კი – გამარტივებული შესყიდვებიდან.

ბოლოს  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ანზორ ბოლქვაძის ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებზე კვლევითი ანგარიში 2021 წლის 4 აგვისტოს გამოაქვეყნა. მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებით მიღებული შემოსავალი 16 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.

  1. ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ირაკლი თოფურიძესთან  დაკავშირებული კომპანიები – „აჭარგანათება” და „განათება” უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს. მათ სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 80,511,011  ლარი  მიიღეს, მათ შორის 55,956,414 ლარი – უკონკურენტო ტენდერებიდან, 3,166,327 ლარი კი გამარტივებული შესყიდვებიდან.

“აჭარგანათების” 100% წილს სრულად ფლობს „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე. ეს კომპანია დააფუძნა ირაკლი თოფურიძის მამა, თამაზ თოფურიძემ, რომელიც ასევე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი 2010-2014 წლებში. დღეს კომპანიის წილები სრულად გამოისყიდა ოჯახმა და მას ხელმძღვანელობს ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე. თავის მხრივ, ნიკოლოზ თოფურიძე ფლობს შპს „განათებას” 100%-იან წილს და იგი სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტოდ მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება” ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების” სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია.

  1. ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ბადრი რომანაძის კომპანიამ, “ჯორჯიან სტოუნმა” 2015-2024 წლებში 64,085,715 ლარის შესყიდვები მიიღო. აქედან 49,679,428 ლარი ქობულეთსა და ფოთში უკონკურენტო ტენდერებიდან მიიღო, ხოლო 1,355,466 ლარი – გამარტივებული შესყიდვებიდან.

„ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. სწორედ მისი საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ იმარჯვებს „ჯორჯიან სტოუნის” ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

  1. ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძის კომპანიებმა შპს “ბონდი 2009-მ“ და შპს “მონოლითი 2005-მა“სახელმწიფო შესყიდვებიდან  294 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამ თანხის 75%-ზე მეტი – უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.

ნუკრი დოლიძე ადრე თავად იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. მისი და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ნუკრი და ლევან დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ  მმართველ პარტიებს. მათ ქართულ ოცნებას ჯამში 435,000 ლარი შეწირეს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება. მსგავს პრაქტიკაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.

ლევან დოლიძე ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად/კონსულტანტად დაინიშნა ინფრასტრუქტურულ საკითხებში,  შემდეგ კი გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი და ამჟამად ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.

  1. ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის,  ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა ბათუმის მუნიციპალური შესყიდვებიდან მიიღეს 1,407,584 ლარი.

შემოსავლების 67% ამ კომპანიებმა ბათუმის იმ მუნიციპალური იურიდიული პირებიდან მიიღეს, რომელთა კონტროლი ირაკლი პატარიძეს ევალებოდა. ის, საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვიდან დღემდე აჭარის მთავრობის შპს “აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ ადმინისტრაციის უფროსია.

  1. ქობულეთის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „ზომამ” სახელმწიფო შესყიდვებიდან 1,367,085 ლარი მიიღო, მათ შორის 1,353,023 ლარი – ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. აქედან შემოსავლის 86% უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე.

კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე  – ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა” სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა.

  1. მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია „ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან  5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო აჭარაში.

სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი” 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე  5,344,077 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. „ესია ჯგუფი” ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან.

  1. გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ქობულეთის დელეგატობის კანდიდატად დაასახელა. ჭყონიას კომპანიებმა, 2011-2024 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებიდან 457,000,000 ლარზე მეტი მიიღეს, მათ შორის 300 მილიონამდე ლარი უკონკურენტო, კონკურენტების დისკვალიფიკაციის და გამარტივებული შესყიდვების პირობებში.

გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს  კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – Შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე”  აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შეწირეს 1,500,000 ლარი.

სამცხე-ჯავახეთი / 841 145 309 ლარი

  1. ახალციხის ყოფილი მერის ზაზა მელიქიძის და მისი ნათესავების კომპანიებმა 2015 წლიდან დღემდე 3,064,897 ლარის შესყიდვები მიიღეს.

ჩვენი კვლევის გამოქვეყნების საფუძველზე სუს-ის ანტკორუფციულმა სამსახურმა ზაზა მელიქიძის საქმეზე  გამოძიება დაიწყო. თუმცა,  ზაზა მელიქიძისა და მისი ნათესავების კომპანიები ამის შემდეგაც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და ამ პერიოდში  მათ ჯამში 752 686 ლარი მიიღეს. ზაზა მელიქიძე დღეს აღარ არის მუნიციპალიტეტის მერი, იგი 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.

  1. ახალციხის ყოფილი მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის, გელვასი გელაძის კომპანიამ 2014 წლიდან 6,375,958 ლარის შესყიდვები მიიღო.

ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კომპანიას 4 096 286 ლარი ჰქონდა მიღებული.  მაშინ  ამ შესყიდვებში აუდიტმა დარღვევა დაადგინა, გელვასი გელაძემ კომპანიაში წილიც კი დათმო, თუმცა კომპანია დღემდე იღებს სახელმწიფო შესყიდვებს.

  1. ახალქალაქი-ნინოწმინდის ყოფილი  მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის  კომპანიებმა 2,049,668 ლარის შესყიდვები მიიღეს 2012-2020 წლებში.

2021 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ წარადგინა, საჯარო უწყებებმა მის კომპანიებთან შესყიდვების გაფორმება შეწყვიტეს.

  1. ასპინძის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის ძმის კომპანიამ 2016-2024 წლებში  1,980,567 ლარის შესყიდვები მიიღო

ვიდრე მამუკა მელიქიძე თანამდებობის პირი გახდებოდა, მისი ძმის კომპანია, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა. მამუკა მელიქიძის საკრებულოში შესვლის შემდეგ კი სს „XXI საუკუნემ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2016-2019 წლებში 740 065 ლარი მიიღო. დღეს მამუკა მელიქიძე ასპინძის საკრებულოს წევრია მხოლოდ, თუმცა მისი ძმის კომპანიის შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან კიდევ 1 240 502 ლარით გაიზარდა.

  1. ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარდანიანის კომპანიამ 2014 წლიდან დღემდე 2,677,400  ლარის შესყიდვები მიიღო.

ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს  კონსტანინ ვარდანიანის კომპანიას ბიუჯეტიდან მხოლოდ 320 645 ლარი ჰქონდა მიღებული.  ამის შემდეგ მან კომპანია დათმო და  ის დღემდე მის მეუღლე ეკუთვნის. თავად ისევ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითთმართველობის 2021 წლის არჩევნებში და ისევ  Საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

  1. აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული და „ქართული ოცნების“ შემწირველის დემეტრე თათეშვილის კომპანიამ 2018-2024 წლებში 764,824,773 ლარის  შესყიდვები მიიღო. Შპს “არალის” შესყიდვებზე ბლოგი 2021 წლის მაისში გამოვაქვეყნეთ და მაშინდელი მონაცემებით (2018-2021 წლებში) კომპანიას შესყიდვებით მიღებული ჰქონდა  125,454,712 ლარი, ანუ ბოლო სამ წელიწადში ამ კომპანიის შემოსავლებში სახელმწიფო შესყიდვების გზით 639,370,061 ლარი შევიდა. მხოლოდ წელს ამ შემოსავლებმა შეადგინა 401 მილიონ ლარზე მეტი.

შპს „არალისთვის“  ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მაშინდელმა  მესაკუთრემ, ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51,585,275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ოთხწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით  ხელშეკრულებები  700 მილიონ ლარზე მეტი  გაუფორმდა.

  1. ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსის, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის რევაზ მუმლაძის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 237,534  ლარი მიიღო.
  2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ ტალახაძის შვილის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 15,953,616 ლარი მიიღო. ამ თანხის 56%  ახალციხის მერიიდან დაერიცხა.

შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯია“ თათეშვილების ოჯახის კუთვნილი ათზე მეტი კომპანიიდან ერთ-ერთია, იგი ეკა თათეშვილმა 2014 წელს დააფუძნა. თუმცა, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებს 2020 წლის 4 თებერვლიდან იღებს, მას შემდეგ, რაც ეკა თათეშვილმა შპს-ს დირექტორობა და 50% წილი მეუღლეს, ტარიელ ტალახაძეს, ნოდარ ტალახაძის ვაჟს  გაუფორმა. კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში  ყველა ტენდერი, გარდა ერთისა, უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. იმ ერთ შემთხვევაშიც მისი კონკურენტი შპს „არალი“ იყო.

  1. ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ნოდარ ბალახაშვილმა 2018-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 313,060 ლარის შესყიდვები მიიღო.

ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ნოდარ ბალახაშვილის კომპანიას ახალციხის მერიიდან არცერთი შესყიდბვა არ მიუღია, თუმცა ზოგადად სახელმწიფო შესყიდვებით 183,508 ლარი მიიღო.

  1. ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა გელაშვილის კომპანიამ 2017-2021 წლებშ სახელმწიფო შესყიდვებით 1,699,980 ლარი მიიღო.
  2. Სხვადასხვა კვლევებით აღმოვაჩინეთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ე,.წ. “მბრუნავი კარის” პრინციპის გამოყენებით კვლავ აგრძელებენ სახელმწიფო შესყიდვების მიღებას ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები და მსგავსმა  შემოსავლებმა 10,352,901 ლარი შეადგინა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან გიორგი ყიფიანთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2014-2023 წლებში 6,713,852 ლარი მიიღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმდჯომარის, ფირან გოგიჩაშვილის კომპანიამ 2018-დან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 2,703,435 ლარი მიიღო, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ის ხელმძღვანელის, ვაჟა გელაშვილის მეუღლის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით  935,614 ლარი მიიღო.

  1. ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის, მარტინ გაბრიელიანის კუთვნილმა კერძო კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2019-2022 წლებში 1 390 861 ლარი მიიღო.

შესყიდვებიდან მიღებული თანხიდან  667 186 ლარი (საერთო თანხის 47.9%) კომპანიას ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა. ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მარტინ გაბრიელინის კომპანიისა და ახალქალაქის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში,  შესყიდვების სააგენტომ დარღვევები დაადგინა. რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალქალაქის მერიის სატენდერო კომისიის წევრებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

  1. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელსაც ასპინძის სარაგბო ბაზა ეკუთვნის, 2016-2023  წლებში სახელმწიფო შესყიდვებით,  ჯამში, 598,667 ლარი მიიღო.
  2. ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 2014-2024 წლებში 5,923,635 ლარი მიიღეს. ამ თანხის 75%-ზე მეტი დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
  3. „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოს დეპუტატისა და ამავე პარტიის შემწირველის, გელა ჭალიძის კომპანიებმა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე  პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვებით, ჯამში, 368,926 ლარი მიიღეს. ამ თანხის თითქმის 61,6% – 227,287 ლარი გელა ჭალიძის კომპანიებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.
  4. ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2024 წლებში, ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 3,312,182 ლარი მიიღო. მიღებული თანხის 62% სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. ღუმაშიანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, „ოცნების“ ყოფილი  მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახის  კუთვნილი გაზის კომპანიის დირექტორი იყო.
  5. ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გიორგი ენდელაძე 2015 წელს დაინიშნა. მას შემდეგ დღემდე მისი ძმების კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებით 2,099,656 ლარი მიიღეს. ამ თანხის თითქმის ნახევარი ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.
  6. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა,  ლევან  ქიმაძე ერთ-ერთია იმ 5 ბიზნესმენს შორის, რომელმაც ადიგენის მერიასთან ერთად ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდი” დააფუძნა. Მხოლოდ ძმის მერობის პერიოდში ლევან ქიმაძე  ადიგენის მუნიციპალური ააიპ-ებიდან 251,709 ლარი დაერიცხა, 2013-2023 წლებში  კი შესყიდვებით, ჯამში, 1,287,209 ლარი მიიღო. ადიგენის მუნიციპალური ააიპ-ის დამფუძნებელმა  სხვა ბიზნესმენებმა, ავლე ბათმანაშვილმა და ზურაბ ზედგინიძემ, დღემდე სახელმწიფო შესყდივებით 667,417 ლარი მიიღეს.
  7. ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა, ჯემალ ქიმაძე 2021 წლიდან დღემდე  ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების  სამსახურის“ დირექტორია, რაც “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. ჯემალ ქიმაძის დანიშვნის შემდეგ მისმა შვილმა, ჯუმბერ ქიმაძემ ადიგენის მერიისგან პირდაპირი შესყიდვებით 103,829 ლარი მიიღო.
  8. „ქართული ოცნების“ შემწირველის, ვახტანგ კაპანაძის შპს „მშენებელი 2012-მა“, 2012–2024 წლებში, 88 სახელმწიფო შესყიდვით 15,062,005 ლარი მიიღო.  აქედან, უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით, 10,873,153 ლარი (72.1%) დაერიცხა.

ვახტანგ კაპანაძის შვილს, ნოდარ კაპანაძეს  ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. გარდა ამისა, ვახტანგ კაპანაძის ბიზნესსაქმიანობა, ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის ყოფილი უფროსის, ასევე, სამცხე-ჯავხეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რევაზ მუმლაძის ცოლის ძმის, შალვა ფხიკიძის ოჯახთანაა დაკავშირებული.

  1. მუნიციპალური შპს „ბორჯომის კეთილმოწყობის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯემალ გოგოლაძის შვილს, ზურაბ გოგოლაძეს, 2019-2024 წლებში, ბორჯომის მერიისა და მისი იურიდიული პირების 32  სახელმწიფო  შესყიდვით, 800,568 ლარი დაერიცხა. მან თანხის 100% უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით და პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.

შიდა ქართლი / 427,245,670 ლარი

  1. „ქართული ოცნების“ შემომწირველმა და ყოფილი თანამდებობის პირების კომპანიებმა შიდა ქართლში 229,661,631 ლარის შესყიდვები მიიღეს 2013-2024 წლებში.

მხოლოდ 2024 წელს შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”-მა 59,339,827 ლარის სახელმწიფო სესყიდვა მიიღო, ხოლო შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო #2”-მა – 7,823,119 ლარის.

  1. გორის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან დღემდე მიიღეს 197,584,039 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები

იოსებ მაკრახიძე 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ წლებში მისმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა – შპს “იბოლიამ”, შპს “შარამ” და შპს “არქმშენსტუდია-2002”-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან  91.8 მილიონ ლარზე მეტის მიიღეს. ეს კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები არის.

კახეთი/442 000 000 ლარი

  1. კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ 275  მილიონ ლარზე მეტი შესყიდვები მიიღო 2013-2024 წლებში.  მხოლოდ 2021-2024 წლებში ამ კომპანიამ მოიგო 174 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები, რომლის 36% უკონკურენტო გარემოში მოიპოვა.

გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო  “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მოიაზრება ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად.

  1. კახეთის 8 მუნიციპალიტეტში ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამში 167 მილიონი ლარის შესყიდვები მიიღეს 2013-2020 წლებში

იმერეთი/500,131,038 ლარი

  1. ბიძინა ივანიშვილის დის მულის ქმარმა, მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე 38,858,774 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.

2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ბლოგში ვწერდით, რომ მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან გამოქვეყნების დღემდე 16,395,591 ლარის შესყიდვები მიიღო. ბოლო ოთხ წელიწადში ამ თანხამ 22 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

  1. წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ”-მ და შპს “როსტვერკმა” 2013 წლიდან დღემდე ჯამურად  92,926,613 ლარი მიიღეს.

ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “როსტვერკმა” პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2017-დან დღემდე 135,000 ლარი შესწირეს.

  1. ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია, შპს “ბორანი იგებს, რომლის ძირითადი საქმიანობა გზის საფარის მოწყობა, მოვლა-პატრონობა და შეკეთებაა. კომპანიამ, 2013 წლიდან დღემდე 37,993,713 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულია შპს “ბორანის” მოქმედი დირექტორის, ბექა არაბიძის დედა, ნინო ჩხიკვაძე, რომელიც წარსულში კომპანიის 22% წილს ფლობდა. ამჟამად იგი თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. კორუფციის რუკის წინა პუბლიკაციის შემდეგ (2024 წლის მარტი) კომპანიის მესაკუთრეთა კონფიგურაცია შეიცვალა: დღეს კომპანიის 85% წილს ბექა არაბიძე ფლობს, 15%-ს მესაკუთრე კი არის შპს “ჯი-ემ-ჯი”, რომელიც ასევე მონაწილეობს ტენდერებში.

  1. ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია, “ლიკო-1”  ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებს. 2019-2021 წლებში ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 294,545 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა.

  1. Შპს “ცეკურმა”,  რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის და მისი შვილის კომპანიაა, 2011 წლიდან დღემდე, სახელმწიფო შესყიდვებით, 330,057,393 ლარი მიიღო. შპს “ცეკურის” 63% წილის მფლობელი სერგო ხაბულიანია, 37% წილს ფლობს და დირექტორის პოზიციას მისი შვილი, ბექა ხაბულიანი იკავებს.

სერგო ხაბულიანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს გახდა. იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018-2020 წლებში სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა და შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და კომპანია “ცეკურმა” “ქართული ოცნებასა” და მისგან მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს 398,000 ლარი შეწირეს.

სამეგრელო – ზემო სვანეთი/138,371,368 ლარი

  1. „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა 2018 წლიდან 8,261,288 ლარის შესყიდვები მიიღეს.
  2. ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანიამ ტენდერებიდან  19,445,644 ლარი, ხოლო საიდუმლო შესყიდვებიდან, სავარაუდოდ, 13,691,076 ლარი მიიღო.

ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, ხოლო ამ კომპანიის 50% წილს ფლობს მისი მეუღლე მაია ჭელიძე. ეს კომპანია საიდუმლო შესყიდვებში მას შემდეგ მონაწილეობს და იმარჯვებს, რაც მის მმართველობაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები გამოჩნდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია ვიქტორ ჯაფარიძის ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე.

  1. ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის, დავით ჩართოლანის კომპანიამ, შპს „ქორულდმა” მესტიის მუნიციპალიტეტისაგან, 2020-2024 წლებში, 15,473,168 ლარის შესყიდვები მიიღო.

დავით ჩართოლანი 2012 წელს ბოლნისში ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს და შემდეგ გახდა ამ მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე. დავით ჩართოლანი ამავე სახელწოდების კიდევ ერთ კომპანიას ფლობს პარტია “ქართული ოცნების” შემწირველთან და საპარლამენტო უმრავლესობის  წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან – ოთარ ჩართოლანთან ერთად.

  1. მესტიის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრე ხერგიანმა ადგილობრივი მთავრობისგან, 2014-2022 წლებში, 289,507 ლარის შესყიდვები მიიღო

ამავდროულად ალექსანდრე ხერგიანი მესტიის მერის მოადგილის, ნელი ნავერიანის შვილის ბიზნესპარტნიორია შპს “ჰაწვალი 2015“-ში. ნელი ნავერიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლეა.

  1. მესტიის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარესთან, ბაჩუკი ნაკანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს “ბუილდერ 21”-მა ადგილობრივი შესყიდვებიდან 1,279,126 ლარი მიიღო, მათ შორის 645,620 ლარი – ბაჩუკი ნაკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ.
  2. მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, მარიამ ნაკანის ოჯახის წევრებმა, 2013-2022 წლებში, 574,015  ლარის შესყიდვები მიიღეს.
  3. სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ – სს “არქეოპოლისმა” ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდეგ სენაკის მერიიდან 22,812,462 ლარის შესყიდვები მიიღო, ბიძაშვილის იოსებ გადელიას კომპანიამ შპს “ინდიკომ” კი 935,160 შესყიდვები.

ამ ტენდერებში „არქეოპოლისს“ კონკურენტი მხოლოდ 3 შემთხვევაში ჰყავდა, მათ შორის ორჯერ სენაკის მერის ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანია შპს „ინდიკო“. ვახტანგ გადელია წასულში თავადაც მუშაობდა სს „არქეოპოლისში“ – 2009-2013 წლებში ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. სენაკის მერის ტენდერებში სს „არქეოპოლისის“ საეჭვო ჩართულობაზე 2022 წელსაც ვწერდით (https://rb.gy/jp5faf) თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის შესაძლო ნიშნები არ/ვერ აღმოაჩინა.

  1. სენაკის საკრებულოს წევრის, დათო ადამიას ომპანიამ 2011-2021 წლებში 6,779,143 ლარი მიიღო. 2021 წლის ივნისის შემდეგ კომპანიამ სახელი შეიცვალა, ეწოდა შპს “მენათი” და 5,001,717 ლარის შესყიდვები მიიღო. ამ თანხამ უკვე 11,780,860 ლარი შეადგინა.

კომპანიის ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მერია, მუნიციპალური აიპები და სენაკის საჯარო სკოლები.  დღეს დავით ადამია აღარ არის სენაკის საკრებულოს წევრი, თუმცა, სავარაუდოდ, მალავს საკუთარ კავშირს როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთან.

  1. ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ჯუმბერ იზორიას ძმამ 2018 წლიდან 145,966 ლარის შესყიდვები მიიღო, ხოლო მისმა მეგობარმა, ცაბუ გოგუამ ამავე პერიოდში  მოიგო 289,583 ლარის ღირებულების ავტომობილების შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების მუნიციპალური შესყიდვები

ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას ჯუმბერ იზორიას ოჯახის კომპანია „თოგენი” ახორციელებს.

  1. წალენჯიხის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან, თემურ ღვინჯილიასთან დაკავშირებულმა კომპნიამ – შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველომ” მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში 5,106,732 ლარის შესყიდვები მიიღო
  2. ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიები შპს “როუდ პლიუსიდა  შპს “ბილდინგ გრუპ 17 ადგილობრივ შესყიდვებში იმარჯვებენ.კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 32,017,296 ლარის ტენდერები მიიღეს. აქედან 15,160,638 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის.
  3. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა ჯაიანის კომპანიამ შპს „ევრომშენი 999“ შესყიდვებიდან 2016-2018 წლებში 1,628,151 ლარი მიიღო. კომპანიისაგან მომსახურებას, ძირითადად, ზუგდიდის მერია ყიდულობდა, ამ პერიოდში კი ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრიც იყო.
  4. ფოთის ყოფილი მერის, გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის, რამაზ გუჯაბიძის კომპანიამ – შპს “ხალიბმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე  520,809 ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო.
  5. „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ყოფილი დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის კომპანიებმა 692,223 ლარის შესყიდვები მიიღეს 2011-2018 წლებში.
  6. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ოჯახის წევრების კომპანიებმა, რომლებიც ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან, 2012 წლიდან დღემდე, 4,301,516  ლარის შესყიდვები მიიღეს. ასევე დავით გოგუასთან და  მმართველ პარტიასთან დაახლოებულები არიან ჯამბულ და სალომე პაპავები, რომელთა კომპანიამ ამავე პერიოდში 1,080,842 შესყიდვები მიიღო

დათო გოგუა ჩხოროწყუს მერია 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე (2017 წლამდე – გამგებელი). სალომე პაპავა ჩხოროწყუს მერიის თანამშრრომელია, მისი მამა, ჯამბულ პაპავა კი პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორია.

  1. ხობის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის და “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედის, დოდო გაბუნიას კომპანიამ გამარტივებული შესყიდვებით 2012 წლიდან დღემდე  61,946  ლარი მიიღო.