TI და ISFED ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს ტოვებენ

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც” (TI-სა და ISFED) ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ.

ორგანიზაციები მიზეზებს ერთობლივ განცხადებაში განმარტავენ:

“საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2021 წლის ივნისში შეტანილი ცვლილებებით, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საკონსულტაციო ჯგუფი არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით, რომელიც ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს.

საკონსულტაციო ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან. ამ მიზნით ცესკომ შეიმუშავა დადგენილება და განსაზღვრა, რომ ჯგუფის წევრთაგან არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 კანდიდატურას ცესკოს წარუდგნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჯგუფის წევრების შესარჩევ პროცესში ცესკომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც” მიიწვია, რაზეც თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ჩვენი აზრით, ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას.

ცესკომ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მიიწვია ყველა ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში იყო რეგისტრირებული. პირველი შეკრების დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15-მა ასეთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანდოობის, კარგი რეპუტაციის, საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს. ბევრი მათგანი უარყოფითი კუთხით არაერთხელ მოხვედრილა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში.

გარდა ამისა, ცესკოს დადგენილებაში თავდაპირველად ეწერა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით უნდა შეერჩიათ. თუმცა, 6 აგვისტოს ცესკომ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით ვერ შეირჩა, კანდიდატურებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა, რომ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სრულად დააკომპლექტონ საეჭვო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესს. სამწუხაროა, რომ ამბიციური საარჩევნო რეფორმის მიზნად დასახვის მიუხედავად, როგორც ცესკოს ახალი წევრებით დაკომპლექტების, ისე საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა ხარვეზიანი აღმოჩნდა და, სავარაუდოდ, ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ზრდას”. – ვკითხულობთ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.